2018 წელს მსოფლიოს მასშტაბით ტურისტების მიერ განხორციელებული მოგზაურობა 6%-ით გაიზარდა. ამის შესახებ აღნიშნულია მსოფლიო ტურისტული ორგანიზაციის ანგარიშში (UNWTO).
„რაოდენობრივად ეს არის 1,4 მილიარდი მგზავრობა. აღნიშნული ზღვარის მიღწევა კი მხოლოდ 2020 წლისთვის იყო ნავარაუდევი“, - აცხადებენ UNWTO-ში.
„გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის“ ანგარიშის თანახმად, ყველაზე მეტად - 10%-ით გაზრდილია ტურისტების გამგზავრება ახლო აღმოსავლეთში, აფრიკაში 7%-ით, აზიასა და ევროპაში 6%-ით, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში კი მხოლოდ 3%-ით.
ორგანიზაციის მონაცემებით, საერთაშორისო ჩამოსვლებმა ევროპაში 713 მილიონი შეადგინა, აქედან ტურისტული ნაკადი 7%-ით გაიზარდა სამხრეთ ევროპაში, 6%-ით კი აღმოსავლეთ და დასავლეთ ევროპის ქვეყნებში. ჩრდილოეთ ევროპაში კი მატება არ დაფიქსირებულა, ამის მთავარი მიზეზი კი ბრექსიტის მოლოდინებია.
აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში ტურისტებმა განახორციელეს 343 მილიონი გამგზავრება, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში კი 217 მილიონი. უმნიშვნელოდ, მხოლოდ 2%-ით შემცირდა გამგზავრება ცენტრალურ ამერიკაში და კარიბის კუნძულებზე ქარიშხალ „ირმასა“ და „მარიას“ გამო.
აფრიკაში გასული წლის განმავლობაში 67 მილიონი ტურისტული ვიზიტი განხორციელდა, ახლო აღმოსავლეთში კი 64 მილიონი.
ორგანიზაციის პროგნოზით, 2019 წელს ტურისტული ნაკადები მსოფლიოს მასშტაბით 3-4%-ით გაიზრდება