„საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ გამგეობის თავმჯდომარე ეკა ლალიაშვილი „ფეისბუქის“ პირად გვერდზე ტექინსპექტირების ცენტრებში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით, ფოტოებსა და ვიდეოს ავრცელებს.
"დღეს ორ ინსპექტირების ცენტრს ვეწვიეთ თბილისში, სადაც გრძელი რიგი დაგვხვდა. 1484 -ზე (ცხელი ხაზი, რომელიც ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ეტაპობრივად ამოქმედების პროცესისა და პირობებით დაინტერესებულ ადამიანებს ემსახურება და აწვდის შესაბამის ინფორმაციას) დარეკვით და დარეგისტრირებით ავირიდებთ ამგვარ რიგში დგომას თავიდან",- წერს ლალიაშვილი.
აღსანიშნავია, რომ მას შემდეგ, რაც ე.წ ჭკვიანი კამერები ტექდათვალიერების არგავლის გამო ავტომობილებს აჯარიმებენ, პერიოდული ინსპექტირების ცენტრებში მიმართვიანობა დაახლოებით, 5-ჯერ გაიზარდა. როგორც საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ორგანოების ასოციაციის ხელმძღვანელი, ვაჟა იორდანიშვილი აცხადებს, 2018 წლის დეკემბერში ტექდათვალიერებას თუ ყოველდღიურად 700-800 ავტომობილი გადიოდა, დღეს მათი რაოდენობა 3000-ს სცილდება და 4000-მდეც ადის. სავარაუდოდ, სწორედ ეს გახდა ტექინსპექტირების ცენრებში რიგების მიზეზიც.
შეგახსენებთ, რომ 2019 წლის 14 იანვრიდან ე.წ „ჭკვიანი კამერების“ მიერ ავტომატურ რეჟიმში ხდება იმ ავტომობილების დაჯარიმება, რომლებსაც კანონის შესაბამისად, პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება არ გაუვლიათ.