საქართველოში საფრანგეთის ელჩის, პასკალ მენიეს განცხადებით, 2018 წლის დეკემბრისთვის საფრანგეთს თავშესაფრის მიღების მოთხოვნით საქართველოს 1000-მდე მოქალაქემ მიმართა.
მისივე თქმით, ვიზალიბერალიზაციის მიღების შემდეგ საფრანგეთში თავშესაფრის მიღების მსურველთა რაოდენობა გაიზარდა.
„ვიზალიბერალიზაციის ამოქმედებამდე ჩვენ საქართველოდან ლტოლვილის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით თვეში საშუალოდ, 200 პირი მოგვმართავდა, ხოლო მათი რაოდენობა, ვინც ეს სტატუსი მიიღო, დაახლოებით, 7%-ს შეადგენდა. მათ მიერ ამ სტატუსის მიღების მიზეზი კი ის იყო, რომ მოგვმართავდნენ ლგბტ თემის წარმომადგენლები.
მას შემდეგ, რაც საფრანგეთმა საქართველო უსაფრთხო ქვეყნად აღიარა, მომართვიანობის ზრდის მიზეზი არ არსებობს, თუმცა ვიზალიბერალიზაციის მიღების შემდეგ, თავშესაფრის მთხოვნელთა რიცხვმა მოიმატა და 2017 წლისთვის თვეში საშუალოდ, 600-ს შეადგენდა, 2018 წლის დეკემბრისთვის 1000-მდე გაიზარდა. საფრანგეთი გულმოწყალე ქვეყანაა, თუმცა მიგვაჩნია, რომ უნდა მივიღოთ ადამიანები, რომლებიც იტანჯებიან, მაგალითად სირიიდან და ავღანეთიდან. საქართველოდან კი თავშესაფარს არა პოლიტიკური, არამედ ეკონომიკური მიზეზებით ითხოვენ, რაც არალეგალურია. აქედან გამომდინარე, ისინი თვითმფრინავით უკან ბრუნდებიან“, - განაცხადა პასკალ მენიემ.