ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ყოფილი მრჩეველი, ევრაზიის ქვეყნების დამოუკიდებელი მკვლევარი პოლ გობლი დარწმუნებულია, რომ "მოსკოვს ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელება არ სურს".
ამის შესახებ მან "აქცენტთან" საუბრისას განაცხადა.
პოლიტოლოგს ვკითხეთ, შესაძლოა თუ არა, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დამფუძნებელ მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ 10 წლის წინანდელ საქმეზე დაწყებული გამოძიება რაიმე სახით უკავშირდებოდეს ამ პორტის მშენებლობის შეჩერებას, რაც, თავის მხრივ, რუსეთის ინტერესში შეიძლება იყოს, ანალიტიკოსი პასუხობს: "არ ვარ ჩახედული ამ კონკრეტული ბანკის საქმიანობაში. თუმცა, მე დარწმუნებული ვარ, მოსკოვს არ სურს ანაკლიის პროექტის დასრულება. რუსეთისა და მისი კლიენტების გარდა, მოსკოვს არ სურს, რომ არსებობდეს სხვა სატრანზიტო ალტერნატივა. მას ქართულ მხარეზე ზეწოლის უამრავი ბერკეტი გააჩნია, იქნება ეს პირდაპირ საქართველოს მთავრობაზე თუ ბიზნესზე ზეწოლა" – განუცხადა "აქცენტს" ანალიტიკოსმა.
"აქცენტთან" ანალიტიკოსმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ პროექტის განხორციელება საქართველოს ნატო-სა და ევროკავშირში ინტეგრაციას შეუწყობს ხელს“.
„ანაკლიის პორტის განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია სამი მიზეზის გამო: პირველი, ეს ქართულ კომპანიებს უფრო მეტი ექსპორტის განხორციელებისკენ გაუხსნის გზას; ეს პორტი საქართველოს საშუალებას მისცემს, უფრო დიდი როლი შეასრულოს აღმოსავლეთ-დასავლეთს შორის სხვადასხვა სახის ვაჭრობაში; ამ პროექტების განხორციელება საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციას შეუწყობს ხელს“ – განაცხადა პოლ გობლმა.
წყარო: http://www.accentnews.ge