პლანეტის ყველაზე ძვირადღირებული ბრენდი ისევ Amazon -ი გახდა - Brand Finance-ს რეიტინგი

საკონსულტაციო კომპანია „ბრენდ ფაინენსმა“ მსოფლიოს 500 ყველაზე ძვირადღირებული ბრენდის სია გამოაქვეყნა, რომელსაც სათავეში „ამაზონი“ მოექცა. რეიტინგის მონაცემებით, მისი ფასი 24.6 პროცენტით, 187.9 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა. ინტერნეტ სავაჭრო პლატფორმა შარშან პირველად მოექცა „ბრენდ ფაინენსის“ რეიტინგის სათავეში.

„ამაზონის“ გარდა, რეიტინგის მოწინავე ათეულში კიდევ ხუთი ტექნოლოგიური კომპანია შევიდა. წინა ორი წლის რეიტინგის მსგავსად, კვლავ მეორე ადგილზე იმყოფება „ეფლი“, რომლის ღირებულებაც 5 პროცენტით, 153.6 მილიარდ დოლარამდე არის გაზრდილი.

რეიტინგში მესამეზე „გუგლია“. „ბრენდ ფაინენსის“ მონაცემებით, ინტერნეტ კომპანიის ფასი 18.1 პროცენტით არის გაზრდილი და ის 142.7 მილიარდი დოლარი ღირს.

უნდა ითქვას, რომ „გუგლი“ 2017 წელს რეიტინგში პირველი იყო.

ტოპ ათეულში ასევე შევიდა: მაიკროსოფტი (119.6 მილიარდი), სამსუნგი (91.3 მილიარდი), AT&T (87.0 მილიარდი), ფეისბუკი (83.2 მილიარდი), ICBC (ჩინური საბანკო ჯგუფი - 79.8 მილიარდი), ვერიზონი (71.15 მილიარდი), ასევე ჩაინა კონსტრაქშნ ბანკი (69.7 მილიარდი). შარშანდელი ათეულიდან ამოვარდა „უოლმარტი“, რომელიც ამჯერად მე-11 ადგილს დასჯერდა.