"ყაზტრანსგაზ-თბილისი": "კუსტარულად დამონტაჟებული მილიდან ბუნებრივი აირი ჟონავდა"

თბილისში, ნადირაშვილის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ბუნებრივი აირის სუნი დაფიქსირდა, რის გამო გამოიძახეს "ყაზტრანსგაზ-თბილისის" თანამშრომლები, რომლებმაც პრობლემა აღმოფხვრეს.

როგორც "ყაზტრანსგაზ-თბილისიდან" გვაცნობეს, შემოწმების შედეგად სპეციალურმა ხელსაწყომ მესამე სართულის დაკეტილ №8 ბინაში დიდი რაოდენობით გაზის დაგროვება დააფიქსირა.

"2019 წლის 22 იანვრის 14:16:58 გადმოგვეცა ინფორმაცია ნადირაშვილის ქუჩა 22. 21ბ. 1 კორპუსის სადარბაზოში გაზის სუნის შესახებ. ადგილზე რამდენიმე წუთში მივიდა "ყაზტრანსგაზ-თბილისის" სწრაფი რეაგირების 114-ის ჯგუფი. მათი აღწერით, აღნიშნულ მისამართზე მისვლისას პირველ სართულზე სადარბაზოში, შეიგრძნობოდა გაზის სუნი. "მათ მიერ დეტალურად შემოწმდა გაზსადენი, სერვერის საშუალებით შემოწმდა ლიფტის და საკომუნიკაციო შახტები. საკომუნიკაციო შახტში სერვერმა დააფიქსირა გაზის გაჟონვა. უსაფრთხოების მიზნით კორპუსს გაზი გადაეკეტა. გადაკეტვის შემდეგ კორპუსის მიმდებარედ შემოწმდა საკომუნიკაციო და საკანალიზაციო ჭები, სადაც სერვერმა გაზის კონცენტრაცია არ დააფიქსირა. შემოწმდა კორპუსში ბინები ლაზერული აპარატით, რომელმაც მესამე სართულის დაკეტილ №8 ბინაში დააფიქსირა დიდი რაოდენობით გაზის დაგროვება. როგორც ჩანს, მობინადრეს დარჩა ჩართული. ჩვენს მიერ ადგილზე გამოძახებულ იქნა საპატრულო, სახანძრო და სამაშველო სამსახური. აგრეთვე ადგილზე გამოცხადდა კომპანიის სპეციალისტების გაძლიერებული შემადგენლობა. სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა მოახდინეს ბინაში შეღწევა აივნიდან. ფანჯრების გაღებით მოხდა ბინის განიავება", - ნათქვამია ინფორმაციაში.

კომპანია ფოტოსაც ავრცელებს, სადაც მათი თქმით, ჩანს მილი, რომელიც უსაფრთხოების ნორმების დარღვევით თვითნებურადაა დამონტაჟებული.

(R)