ევროკავშირი კიდევ 11 პირს პერსონალურ სანქციებს დაუწესებს

ევროკავშირი პერსონალურ სანქციებს დაუწესებს კიდევ 11 პირს უკრაინაში განვითარებული მოვლენების საპასუხოდ.

აღნიშნული გადაწყვეტილება ბრიუსელში, ევროკავშირის მუდმივი წარმომადგენლობის (COREPER) სხდომაზე მიიღეს. ამის შესახებ უკრაინული მედია იუწყება.

Unian-ის ინფორმაციით, ევროკავშირის მიერ დაწესებული პერსონალური სანქციები სავიზო აკრძალვასა და ფინანსური აქტივების გაყინვას გულისხმობს.

"საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება კვირის ბოლომდე შევა ძალაში", - განუცხადა უკრაინულ სააგენტოს ერთ-ერთმა ევროპელმა დიპლომატმა.

ამასთან, ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების სიაში 60-ზე მეტი რუსი და უკრაინელი მაღალჩინოსანი, ასევე რამდენიმე კომპანიაა.