კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულ 40 ოჯახს დღეს 1 ლარად ფართი გადაეცემა

კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულ 40 ოჯახს დღეს 1 ლარად ფართი გადაეცემა, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც კალაძემ აღნიშნა, ესენი არიან ადამიანები, რომლებიც 90-იან წლებში დაზარალდნენ და მთავრობა შეეცდება, მათი რაოდენობა მინიმუმამდე დაიყვანოს.

„მინდა სასიამოვნო ინფორმაცია მივაწოდო თბილისელებს. თქვენ იცით, რომ კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული საკმაოდ ბევრი გვყავს, 3000 ადამიანს აღემატება. ჩვენ გავაკეთეთ განცხადება, რომ ყველაფერს გავაკეთებდით, რათა ეს ადამიანები დაკმაყოფილებული ყოფილიყვნენ ფართებით. სახელმწიფოს ეს ვალი აღიარებული აქვს და ჩვენ ვიქნებით ის მთავრობა, რომელიც ამ ადამიანების პრობლემას მოაგვარებს. ეს პრობლემა 90-იანი წლებიდან მოდის და ეს ყველაფერი საკმაოდ მძიმეა. აღნიშნული მიმართულებით უკვე კონკრეტული ნაბიჯები არის გადადგმული და დღეს, მთავრობის სხდომაზე ჩვენ გამოგვაქვს 40 ოჯახისთვის გადასაცემი ფართები. ჩვენ განვსაზღვრეთ წესები, თუ როგორ უნდა მოხდეს ამ ადამიანების შერჩევა და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ყველაზე სოციალურად მძიმე მდგომარეობაში მყოფი ადამიანები დაკმაყოფილდნენ პირველ ეტაპზე. ჩვენ გვაქვს სრული სია და დაბალი სოციალური მდგომარეობის მიხედვით ხდება ფართების გადაცემა. ეს კონკრეტული კორპუსი მდებარეობს ქაქუცა ჩოლოყაშვილის ქუჩასა და მდინარე მტკვრის მიმდებარედ. შენობა მერიის კუთვნილებაშია და ფართები უკვე დღეს 1 ლარად გადაეცემათ საკუთრებაში“, - განაცხადა თბილისის მერმა.

კახა კალაძე იმედოვნებს, რომ საკრებულო აღნიშნულ საკითხს მხარს დაუჭერს.

მისივე თქმით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით რამდენჯერმე გამოცხადდა ინტერესთა გამოხატვა კონკრეტულ მიწებზე, რათა აშენდეს შენობები, რომ მოხდეს აღნიშნული ადამიანების დაკმაყოფილება, თუმცა რამდენჯერმე ეს ინტერესთა გამოხატვა ჩავარდა.

„შევცვალეთ მიდგომები, ბიზნესთან გვქონდა ურთიერთობა და იმისთვის, რომ ბიზნესი უფრო დაინტერესებულიყო გარკვეული ცვლილებები განვახორციელეთ“, - აღნიშნა კალაძემ და ის კონკრეტული ადგილები დაასახელა, სადაც აღნიშნული შენობები აშენდება, მაგალითად, ნუცუბიძის ფერდობსა და დიღომში.