„ტესლამ“ ევროპაში „მოდელ 3-ის“ გაყიდვის უფლება მიიღო

ჰოლანდიის ტრანსპორტის სამმართველომ (RDW), ამერიკულ კომპანია „ტესლას“ მისი ყველაზე პოპულარული მოდელის, „მოდელ 3-ის“ ევროპაში გაყიდვის ლიცენზია მიანიჭა.

ეს ერთ-ერთი ორგანიზაციაა, რომელიც ევროპაში ავტომობილებსა და მათ ნაწილებზე ლიცენზიებს გასცემს.

„მოდელი 3“ ყველაზე მნიშვნელოვანი ავტომობილია „ტესლას“ საწარმოო პროგრამაში. ამერიკული კომპანია მას ევროპის ბაზარზე შემდეგ თვეში წარადგენს. წინასწარი ინფორმაციით, ელექტრული სედანის ყველაზე იაფი ვერსია ევროპაში 58 800 ევრო ეღირება. შედარებისთვის, უფრო მაღალი კლასის „მოდელ S-ის“ საბაზო ფასი 89 000 ევროა.

ამგვარად, „ტესლა“ კიდევ უფრო აფართოებს გასაღების ბაზარს, რაც კონკურენციის ზრდის პირობებში, მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ცნობისათვის, დიდი საავტომობილო კომპანიები უახლოეს მომავალში ელექტრომობილების სფეროში, დაახლოებით 300 მილიარდი დოლარის ინვესტიციებს გეგმავენ.

ახლახან „ტესლამ“ გამოაცხადა, რომ ხარჯების შესაკვეცად, რამდენიმე ათასი სამუშაო ადგილის შემცირებას აპირებს. პარალელურად, კომპანიის გეგმაში, „მოდელ 3-ის“ შედარებით დაბალფასიანი ვერსიების წარმოების მომატება შედის, რაც გაყიდვების გაზრდას შეუწყობს ხელს.