სასამართლომ მერიასა და საკრებულოს „ბავშვთა სამყაროს“ ხანძრის შედეგად დაზარალებულებისთვის 3 ათასლარიანი ერთჯერადი დახმარების გაცემა დააკისრა. საუბარია, 32 ადამიანზე, რომელთაც სავაჭრო ობიექტის ხანძრის შემდეგ მერიის აღნიშნული ერთჯერადი დახმარება არ მიუღიათ.
როგორც დაზარალებული მოვაჭრეების ადვოკატმა მარიკა არევაძემ „ბიზნესპრესნიუსს“ განუცხადა, ამ საკითხზე მერიასა და საკრებულოს უკვე მეორე ინსტანციის სასამართლო მოუგეს.
„რამდენიმე მიმართულებით გვაქვს დავა. ერთ-ერთი დავა კი ერთჯერადი დახმარების მიღებას ეხება. როგორც მოგეხსენებათ, მას შემდეგ რაც „ბავშვთა სამყარო“ დაიწვა, მერიამ მიიღო გადაწყვეტილება და 345 დაზარალებულს ერთჯერადი დახმარების სახით, 3 ათასი ლარი გადასცა, მაგრამ ეს დახმარება ყველა დაზარალებულს არ მიუღია. ჩემი დაცვის ქვეშ 32 ასეთი დაზარალებულია. სასამართლომდე მერიასაც მივმართეთ, რომ ეს 32 პირიც აკმაყოფილებდა კრიტერიუმებს, თუმცა, პასუხი არ გაუციათ. შემდეგ კი კანონით დადგენილ ვადებში მივმართეთ სასამართლოს. 1-ლი ინსტანცია მოვიგეთ, ჩვენი მოთხოვნა სრულად დაკმაყოფილდა და მერიასა და საკრებულოს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი პირებისთვის ამ ერთჯერადი დახმარების გაცემა დაევალა. მაგრამ მათ სააპელაციო წესით გაასაჩივრეს, დღეს გვქონდა აპელაცია და დღესაც მოვიგეთ. შესაბამისად, ორი ინსტანცია უკვე მოგებული გვაქვს, თუმცა, მერიას კვლავ შეუძლია მისი უზენაეს სასამართლოში გასაჩივრება,“-აღნიშნა არევაძემ.
შეგახსენებთ, რომ 2017 წელს ხანძრის შედეგად, სავაჭრო ცენტრ „ბავშვთა სამყაროს" შენობა და ე.წ. საბითუმო ბაზრობის ტერიტორია ხანძრის შედეგად თითქმის სრულად განადგურდა. მომხდარიდან რამდენიმე თვეში კი მერიამ დაზარალებულებზე 3 000 ლარის ოდენობის ერთჯერადი დახმარების გაცემის გადაწყვეტილება მიიღო. მერიის სარეზერვო ფონდიდან ამ მიზნით, 1 035 000 ლარის გამოიყო.