„თბილისის სტარტაპ-ბიურო“ ღონისძიებების სერიით ბრუნდება - 26 იანვარს UG Startup Factory შეხვედრათა სერიას -ProductTank უმასპინძლებს

ახალი წლის დღეების შემდეგ ProductTank ბრუნდება და ყოველთვიური ღონისძიებების სერიას აგრძელებს.

თუ საახალწლო შვებულება ან არდადეგები ნაყოფიერად გამოიყენეთ, დრო სასიამოვნოდ გაატარეთ, თუმცა დღესასწაულებით მაინც გადაღლილი ხართ, მაშინ „ინტელექტუალური დასვენება“ გესაჭიროებათ. ამის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება კი ღონისძიებათა სერია ProductTank-ია, რომელიც 26 იანვარს, თბილისში 16:00 საათზე გაიმართება და სასიამოვნო საღამოს გატარების საშუალებას მოგცემთ.

ვინ არიან Product Tank-ერები და რა აერთიანებთ მათ?

სტარტაპერები, მენეჯერები, დიზაინერები, დეველოპერები, საზოგადოებასთან ურთიერთობისა თუ მარკეტინგის სპეციალისტები, ბიზნესის წარმომადგენლები თუ უბრალოდ საინტერესო ამბების მოყვარულები ერთ სივრცეში იკრიბებიან და არაფორმალურ გარემოში ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას უზიარებენ. შედეგად, იძენენ ახალ კონტაქტებს, თანამშრომლებს, მეგობრებს თუ უბრალოდ სასიამოვნო ნაცნობებს.

ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ სხვისი გამოცდილების შესახებ მოსმენა და მისი გაზიარება საკუთარ საქმეში გვეხმარება. ღონისძიებათა სერია ProductTank კი ამის საუკეთესო საშუალებაა.

ღონისძიება მსმენელებისა და სპიკერებისთვის იმდენად სასიამოვნო და საინტერესო აღმოჩნდა, რომ 2010 წლიდან დღემდე 155 ქალაქი მოიარა და თვეში ერთხელ, ყველგან აქტიურად მიმდინარეობს.

მისი ისტორია ლონდონიდან იწყება და 8 წელს ითვლის. თბილისის ღონისძიების ორგანიზატორები დარწმუნებულები არიან, რომ ქართველ სტარტაპერებსა თუ სხვა სფეროების წარმომადგენლებს შეხვედრების სერია ისევე დააინტერესებთ, როგორც სხვა ქვეყნების მოქალაქეებს და მისი ხშირი სტუმრები გახდებიან.

რაც შეეხება 26 იანვრის შეხვედრას, ის UG Startup Factory-ში („საქართველოს უნივერსიტეტის“ შენობა) გაიმართება და საკუთარი გამოცდილების შესახებ WiFisher.com-ის აღმასრულებელი დირექტორი დავით ხოსროშვილი ისაუბრებს. ის ინფორმაციას მასშტაბზე გათვლილი პროდუქტების შექმნის შესახებ გაგიზიარებთ.

ასევე, Leavingston-ის მობილური აპლიკაციების გუნდის ხელმძღვანელი მირიან ხომერიკი ისაუბრებს თემაზე - „მობილური პროდუქტის მენეჯმენტი იდეიდან-გამოქვეყნებამდე“. იმის გათვალისწინებით, რომ დღეს ორივე საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ საკუთარ საქმიანობაში ტექნოლოგიების დანერგვას გეგმავთ, ProductTank-ის 26 იანვრის შეხვედრა, სწორედ თქვენთვისაა.

აღსანიშნავია, რომ ღონისძიების სამუშაო ენა ქართულია, მასზე დასწრება კი ყველა დაინტერესებული პირისთვის უფასო, თუმცა საჭიროა, წინასწარი რეგისტრაცია გაიაროთ (რეგისტრაციის ბმული- https://www.meetup.com/ProductTank-Tbilisi/events/258185182/).

როგორც ყოველთვის, თბილისის ყველაზე საინტერესო და ინოვაციური ღონისძიების ორგანიზატორი „თბილისის სტარტაპ-ბიუროა“, შესაბამისად, საინტერესო და სასიამოვნო საღამო გელოდებათ.