კომუნიკაციების კომისია „მაგთისა“ და „სილქნეტს“ ტარიფების გაზრდის საშუალებას არ მისცემს

„თუ კომპანიები მანამდე მაინც გააძვირებენ ტარიფს იმ თარიღებში რაც თქვეს, გარწმუნებთ, ჩვენ აუცილებლად კანონზომიერების ფარგლებში დავაბრუნებთ მათ“, - ამის შესახებ კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ კახა ბექაურმა განაცხადა.

მისივე თქმით, კომუნიკაციების ეროვნული კომისია ფიქსირებული ბაზრის კვლევას იწყებს, იმ მიზნით, რომ საცალო ბაზრის რეგულირება მოახდინოს და კომპანიებს, რომლებიც კომისიის აზრით, უსაფუძვლოდ ზრდიან ფასებს, ზედა ზღვრული ტარიფები დაუწესოს.

„ჩვენ დავიწყებთ საცალო ბაზრის სეგმენტზე, ნებისმიერ მობილურ, თუ ფიქსირებული მომსახურების ბაზრის კვლევა-შესწავლას, ბაზრის კვლევა დაიწყება იმ მიზნით, რომ საცალო ბაზრის რეგულირება მოვახდინოთ. კერძოდ, საცალო ბაზარზე ზედა ზღვრული ტარიფები დავადგინოთ. ამაზე დავალება უკვე გავეცი. რაც შეეხება იმ კითხვას, თუ მანამდე მაინც გააძვირებენ ტარიფს კომპანიები იმ თარიღებში რაც თქვეს, გარწმუნებთ, ჩვენ აუცილებლად კანონზომიერების ფარგლებში დავაბრუნებთ მათ. ჩვენ გვაქვს ბერკეტი კანონით მონიჭებული უფლება და შეგვიძლია საცალო ტარიფის რეგულირება, შესაბამისად, თუ არ გაითვალისწინებენ კომუნიკაციების კომისიის შეთავაზებას, ჩვენ აუცილებლად შევალთ საცალო ბაზარზე და დავარეგულირებთ მას“,- განაცხადა კომისიის თავმჯდომარემ.

კახა ბექაურის განცხადებით, კომისია არ დაუშვებს, რომ დიდმა კომპანიებმა ბაზარზე მათი ძალა და უპირატესობა მომხმარებლების საზიანოდ გამოიყენონ.

„ჩნდება რისკები, რომ მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ოპერატორებმა საცალო ბაზარზე მომხმარებლის მიმართ ბოროტად გამოიყენონ ეს ძალაუფლება. ამიტომაც, საჭიროა რეგულატორი იდგეს შესაბამის სიმაღლეზე და ჩვენ სწორედ ასე ვიქცევით, კომისიას ყველანაირი ბერკეტი გააჩნია, რომ ეს სფერო სწორად მართოს და გარწმუნებთ, ამას აუცილებლად გააკეთებს“,- განაცხადა კომისიის თავმჯდომარემ.

თაია არდოტელი