Boeing-მა მფრინავი ავტომობილი გამოსცადა

ამერიკულმა უმსხვილესმა ავიამშენებელმა კომპანიამ Boeing-ი ვერტიკალური აფრენით პირველი უპილოტო „მფრინავი ავტომობილის“ გამოცდა ჩაატარა. ამის შესახებ კომპანია საკუთარ ვებ-გვერდზე წერს.

„მანასასში Boieng-მა პირველად გამოსცადა ფრენაში მისი სამგზავრო ავტონომიური საჰაერო სატრანსპორტო საშუალება. სამგზავრო ავტონომიური სატრანსპორტო საშუალების პროტოტიპმა განახორციელა საკონტროლო აფრენა ჰაერში, ადგილზე ყოფნა და დაშვება. ტესტირების დროს გამოვცადეთ ავტონომიური ფუნქციებით და მიწიდან მართვის ფუნქციები. მომდევნო ცდებისას ვგეგმავთ არამხოლოდ ვერტიკალურ აფრენა-დაშვებას, არამედ მის ჰორიზონტალურ გადაადგილებაში გამოცდას“, - წერია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

Boeing აღნიშნავს, რომ პროექტს ახორციელებს მისი შვილობილი კომპანია Boeing NeXt, რომელიც დაკავებულია საჰაერო სატრანსპორტო საშუალებების შექმნით ქალაქის პირობებისთვის.

ექსპერიმენტულ მფრინავ ავტომობილს 9,14 მეტრის სიგრძისა და 8,53 მეტრი სიგანის პლანერი ჰქონდა, ის აღჭურვილი იყო ელექტრო ძრავით, ასევე ვერტიკალური ფრენის სისტემით და ფრთებით.

ანალიტიკოსების შეფასებით, 2040 წლისთვის ავტონომიური სატრანსპორტო საშუალებების ბაზრის მოცულობა და სატვირთო საფრენი აპარატებისა მათ შორის, საქალაქო პირობებისთვის ყველაზე მოკრძალებული შეფასებით იქნება 615 მილიარდი დოლარი, ხოლო ოპტიმისტური სცენარით 2,9 ტრილიონი დოლარის ფარგლებში.

აღსანიშნავია, რომ საკუთარ უპილოტო საფრენი ტაქსის პროექტზე მუშაობს Boeing-ის კონკურენტი Airbus, მის „მფრინავ ტაქსის“ პროექტს Vahana ჰქვია და მისი გამოცდა გასულ წელს ჩატარდა. მათ გარდა, საკუთარ მფრინავ ავტონომიურ საშუალებებზე მუშაობენ Intel და ჩინური კომპანია EHang.

კოკა კვირკველია