საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელმა კომისიამ წყალმომარაგების სექტორში ე.წ. ჰიბრიდულ ტარიფთან დაკავშირებულ პროექტზე მუშაობა დაასრულა. როგორც სემეკის თავმჯდომარემ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას დაინტერესებულ მხარეებთან კონსულტაციების შემდეგ მიიღებს.
„ჯერჯერობით GWP-ისა და სხვა დაინტერესებული მხარის წარმომადგენლებთან შეხვედრა არ გვქონია. პროექტი იყო მომზადების ეტაპზე. ახლა უკვე გვაქვს პირველადი სამუშაო ვერსია. პროექტი საჯარო სხდომაზე მხოლოდ მას შემდეგ გავა, რაც ამ ადამიანებს დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით ყველა სახის ინფორმაციას მივაწვდით“, - განაცხადა ირინა მილორავამ.
მისივე ინფორმაციით, ე. წ. ჰიბრიდული ტარიფი გულისხმობს ორსაფეხურიან დარიცხვას.
„საოჯახო სასტუმროებში სასმელი წყლის აღრიცხვა არა სულადობრივად, არამედ მრიცხველის მიხედვით მოხდება. პირველ რიგში აუცილებლად დამონტაჟდება მრიცხველები. შემდეგ უკვე დადგინდება მინიმალური ზღვარი და ამ ზღვრის ქვემოთ ტარიფი იქნება საყოფაცხოვრებო. იმ შემთხვევაში, თუ სასმელი წყლის მოხმარებული რაოდენობა ფიქსირებულ ზღვარს გადააჭარბებს, სასმელი წყლის ღირებულება არასაყოფაცხოვრებო ტარიფით განისაზღვრება“, -განაცხადა სემეკის თავმჯდომარემ.
შეგახსენებთ, რომ მოქალაქეებმა, რომლებიც თბილისში საცხოვრებელ ფართს დღიურად აქირავებენ, წყლის მომწოდებელ კომპანიას GWP-ს მარეგულირებელ კომისიაში ოქტომბრის ბოლოს უჩივლეს. მიზეზი წყლის გადასახადის საყოფაცხოვრებოს ნაცვლად კომერციული ტარიფით დარიცხვა და დაკისრებული ჯარიმები იყო. მოგვიანებით GWP-მ აღნიშნულ აბონენტებს ჯარიმები ჩამოაწერა, სემეკმა კი ახალ სატარიფო პოლიტიკაზე დაიწყო მსჯელობა. აღსანიშნავია ისიც, რომ დღეისათვის მრიცხველის შემთხვევაში საყოფაცხოვრებო მომხმარებლისთვის წყალმომარაგების მომსახურების ტარიფი ერთ კუბურ მეტრზე 32 თეთრს, ხოლო ასასაყოფაცხოვრებო - 4 ლარსა და 40 თეთრს შეადგენს.