„უმუშევრობის კომპენსაციის მყისიერად შემოღების უნარი დღეს მთავრობას არ გააჩნია, მაგრამ ჩვენ უნდა შევკრათ ეს ციკლი და დავიწყოთ ამ საკითხზე მსჯელობა“, - ამის შესახებ დარგობრივი ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ რომან კაკულიამ განაცხადა.
მისივე განმარტებით, უმუშევრობის დაძლევა ლიბერალური საბაზრო ეკონომიკის მქონე ქვეყნისათვის ძალიან ბევრ გამოწვევასთან არის დაკავშირებული.
„რა პასუხი გვაქვს დღეს იმ ადამიანებისათვის, რომლებიც სამსახურს კარგავენ. რა ვქნათ საბაზრო ეკონომიკაა და შენთვის შემოთავაზება არ გვაქვს? ეს პასუხი ძალიან მძიმეა. მათ თუნდაც სიმბოლურად უნდა შევთავაზოთ კომპენსაცია.
მე ვიმუშავებ ფინანსთა სამინისტროსთან აღნიშნულ საკითხზე, ეკონომიკის მინისტრმაც იცის ჩემი აზრი. მაგალითად, რა პასუხი გავეცით ჩვენ აგარის ქარხნის თანამშრობლებს, რომლებიც სახლში წავიდნენ და სამსახურის გარეშე დარჩნენ ? - არაფერი. სწორედ ასეთი შემთხვევებისთვის მოიგონა მსოფლიომ უმუშევრობის კომპენსაცია. ეს თანხა შეიძლება არ იყოს მათი ღირსეული ცხოვრებისთვის საკმარისი, მაგრამ რაღაცით უნდა დავიწყოთ. მე დღეს ძალიან ბევრ ისეთ ხარჯს ვხედავ ბიუჯეტში, რომლის შემცირებაც შესაძლებელია“, - განაცხადა რომან კაკულიამ.