„რეზონანსი" - ყიდიან თუ არა სეპარატისტები დენს, რომელიც ჩვენგან უფასოდ მიეწოდებათ?

ენგურჰესისა და ვარდნილჰესის მიერ გამომუშავებული ელექტორენერგია უკვე მთლიანად სეპარატისტებს მიაქვთ უფასოდ.

მიზეზი აფხაზეთში გაზრდილი მოხმარებაა. როგორც გაზეთი „რეზონანსი" წერს, უკვე გაჩნდა ეჭვი - ხომ არ ყიდიან სეპარატისტები დენს, რომელიც ჩვენგან მოსახლეობისათვის უფასოდ მიეწოდებათ?

ზამთარში ენერგოდეფიციტი განსაკუთრებით მწვავდება როგორც საქართველოს კონტროლირებად, ასევე ოკუპირებულ ტერიტორიაზეც. სწორედ ამ დროს უწევს სახელმწიფოს განსაკუთრებით დიდი რაოდენობით ელექტროენერგიის შესყიდვა.

დეკემბერში ენგურჰესის მიერ გამომუშავებული ენერგია 209,3 მლნ კვტ/სთ-ს შეადგენდა, ხოლო ვარდნილჰესისა – 48,1 მლნ კვტ-ს, აფხაზეთმა კი 243 მლნ კვტ წაიღო. გამოდის, ორი ჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია სრულიად ხმარდება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიას, დანარჩენი რეგიონები კი ძვირ დენზე "სხედან".

აფხაზეთში წლიდან წლამდე იზრდება ელექტროენერგიის მოხმარება, მიზეზი კი მისი უფასო მიწოდებაა. 1997 წელს დადებული სიტყვიერი შეთანხმების მიხედვით, ენგურჰესისა და ვარდნილჰესების (გალის ტერიტორიაზე) კასკადის მიერ წარმოებული ელექტროენერგიის 40% აფხაზეთის რეგიონს უნდა წაეღო, 60% კი - საქართველოს დანარჩენ რეგიონებს, თუმცა, გაზრდილი მოთხოვნის გამო, ზამთარში საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიას არათუ 60%, არამედ საერთოდ აღარ რჩება დენი.

ენერგეტიკის აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი ანზორ ჭითანავა აცხადებს, რომ აფხაზეთი, რა თქმა უნდა, კვლავ არის საქართველოს ნაწილი და უნდა შევუწყოთ ხელი განვითარებაში, მათ შორის - ენერგეტიკულად, მაგრამ ზედმეტად უსამართლოა მიდგომა, რომ სრულად მივცეთ გამომუშავებული ენერგია და შემდეგ ჩვენ ყიდვა დაგვჭირდეს.

„შეფასებაც კი შეუძლებელია, ეს არის ყოველგვარი ნორმის დარღვევა. ენერგეტიკის სექტორში ასეთი უსამართლო განაწილება, არა მგონია კიდევ არსებობდეს. მწარმოებელი მხარე სრულად იჩაგრება მომხმარებლის პრივილეგიების ხარჯზე. თან ეს ხდება ყოველგვარი წინასწარი მოლაპარაკებებისა და პირობების გარეშე, უბრალოდ, მიაქვთ იმდენი, რამდენიც დასჭირდებათ. ეს იქცა ტრადიციად.

ჩვენ თავად გვაქვს ელექტროენერგიის დეფიციტი, გამომუშავება შემცირებულია ჰიდროლოგიური მიზეზების გამო, ამ პირობებში კი მეორე მხარე აკეთებს იმას, რასაც ვხედავთ. მიზეზი გახლავთ წლების წინ მიღებული შეთანხმება. იქამდე განაწილება სახელმწიფოს შიგნით ხდებოდა და აფხაზეთი მხარედ არც კი ითვლებოდა. დღეს მდგომარეობა შეცვლილია და განაწილება არის ვოლინტარისტული. აცდენილია ყოველგვარ კანონზომიერებას და ამას, რა თქმა უნდა, არავითარი გამართლება არ აქვს.

აფხაზეთი საქართველოს ნაწილია და უნდა შევუწყოთ ხელი განვითარებაში, მაგრამ ზედმეტად უსამართლოა მიდგომა, რომ სრულად მივცეთ გამომუშავებული ენერგია და შემდეგ ჩვენ თვითონ ყიდვა დაგვჭირდეს", - აცხადებს „რეზონანსთან" ჭითანავა.

ენერგეტიკოსი ამბობს, რომ ქართული მხარიდან უფასოდ მიწოდებული დენის ხარჯზე, აფხაზეთში გაიზარდა როგორც ენერგოუსაფრთხოება, ასევე გაუმჯობესდა ეკოლოგია.

„მსოფლიო პრაქტიკა ამგვარია, განაწილების აუცილებლობის დროს არსებობს რამდენიმე პრინციპი. დავუშვათ, იქით მხარეს არის 40% და აქეთ – 60%, ასეთ დროს რესურსების მფლობელს ეძლევა უპირატესობა და ამის საფუძველზე ხდება შეთანხმება. გარდა ამისა, არსებობს მოსახლეობის რაოდენობის პროპორციული გაყოფა. აქედან არც ერთი არ ხდება დღეს, ყველა უგულებელყოფილია. სწორედ ამიტომაცაა, რომ აფხაზეთის მოთხოვნა წლიდან წლამდე იზრდება.

ჩათვალეთ, რომ ენგურის იქით შეშით გათბობა საერთოდ აღარ ხდება. სრულად იყენებენ დენს ყველა კუთხით, ამიტომაც გაუმჯობესდა იქ როგორც ეკოლოგიური მდგომარეობა, ასევე ენერგოუსაფრთხოება. რა თქმა უნდა, ჩვენ სრულად ვერ შევუზღუდავთ, მაგრამ ქართულმა მხარემ უნდა უზრუნველყოს მოლაპარაკებები პროპორციული განაწილებისათვის. დღეს ამას არათუ არ ვაკეთებთ, არც კი ფიქრობს სახელმწიფო", - აცხადებს „რეზონანსთან" ჭითანავა.

აფხაზეთში 1 სულ მოსახლეზე დენის მოხმარება ბევრად მეტია, ვიდრე საქართველოში. ამის მიზეზი რეგიონისათვის მიწოდებული უფასო ელექტროენერგიაა. ენერგეტიკოსი თემურ ჭიჭინაძე ამბობს, რომ აფხაზეთს ადრე მხოლოდ ენგურჰესიდან ვაძლევდით დენის 40%-ს, დღეს კი ეს საკმარისი აღარაა და ვამარაგებთ ვარდნილჰესიდანაც.

„არანაირი ინფორმცაია არ მაქვს, რა ხდება მოლაპარაკებებზე და რას შეიძლება მივაღწიოთ. ელემენტარულად, ისიც კი არ ვიცით, ვინ აწარმოებს ამ მოლაპარაკებას. ფაქტია, რომ ვინც ქართულ მხარეს წარმოადგენს, არასდროს ჰყოფნის კვალიფიკაცია. არც ამ ეტაპზე მაქვს მოლოდინი, რომ აფხაზეთის ენერგომომარაგების საკითხი ჩვენი ქვეყნის სასარგებლოდ გადაწყდება. ეს მაინც სრულად პოლიტიკური საკითხია და არა – ენერგეტიკული.

აფხაზეთში ელექტროენერგიის მოხმარება წლიდან წლამდე იზრდება იმიტომ, რომ მათ აქვთ უფასო დენი. ერთ სულ მოსახლეზე რომ ვიანგარიშოთ, გაცილებით მეტია აფხაზეთში დენის მოხმარება, ვიდრე საქართველოში. იმდენად იზრდება მოხმარება, რომ ღრმავდება ეჭვი, რომელიც რამდენიმე წლის წინ გაჩნდა – ხომ არ ყიდიან სეპარატისტები დენს, რომელიც ჩვენგან მოსახლეობისათვის უფასოდ მიეწოდებათ?", - სვამს თემურ ჭიჭინაძე კითხვას, რომელზეც პასუხი ქართულ მხარეს, რასაკვირველია, არ აქვს.

თამარ მუკბანიანი

გაზეთი „რეზონანსი"