ლანჩხუთი-ჩოხატაურის #60 ოლქის მაჟორიტარმა დეპუტატმა ნინო წილოსანმა მოსახლეობას 2018 წლის საქმიანობის ანგარიში და 2019 წლის სამოქმედო გეგმები წარუდგინა.
როგორც საქართველოს პარლამენტიდან იუწყებიან, დეპუტატმა იმ პრიორიტეტულ საკითხებზე ისაუბრა, რომლებიც მუნიციპალიტეტის მოსახლეობაში ბიუროს მიერ ჩატარებული კარდაკარ კვლევის შედეგებით გამოიკვეთა და 2019 წლის პროექტებში აისახა.
ადგილობრივ მოსახლეობასთან გამართულ საჯარო შეხვედრაზე დეტალურად იქნა განხილული 2019 წლის ინფრასტრუქტურული გეგმები - გზების მოწყობის, გაზიფიცირების, წყალმომარაგების, სკოლების მშენებლობა/რეაბილიტაციის პროექტები.
ლანჩხუთი-ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატმა ნინო წილოსანი 2019 წლის პრიორიტეტად სამოქალაქო ჩართულობის გააქტიურება განსაზღვრა და ამ მიზნით საინიციატივო ჯგუფების შექმნაზე ისაუბრა.
შეხვედრის დასასრულს მაჟორიტარმა მოქალაქეთა შეკითხვებს უპასუხა.
ანგარიშის წარდგენას დაესწრნენ ადგილობრივი ხელისუფლების, არასამთავრობო ორგანიზაციების და მედიის წარმომადგენლები.
,,ჩემი, როგორც მაჟორიტარი დეპუტატის ამომრჩეველთან ურთიერთობის ძირითადი პრინციპებია ანგარიშვალდებულება და თანამშრომლობა. ამ ანგარიშვალდებულების ფარგლებში წელსაც, ტრადიციულად, წარვადგინე წლიური ანგარიში, სადაც მიმოვიხილეთ როგორც 2018 წელი - შესრულებული პროექტებით, ჩავარდნილი პროექტებით, ასევე გავაცანით 2019 წლის გეგმები და მზად ვიყავით, მიგვეღო შენიშვნები, კრიტიკული მოსაზრება თუ მოწონება. ამასთანავე დავაანონსე 2019 წელი, როგორც სამოქალაქო ჩართულობის წელი. ჩემი სურვილია, ჩვენს რაიონებში გავააქტიუროთ მოქალაქეები, რომ უფრო მეტად ჩაერთონ რაიონში მიმდინარე პროცესებში, რათა შემდეგ გავითვალისწინოთ მათი მოსაზრებები და მათთან ერთად დავგეგმოთ უკეთესი პროექტები” - განაცხადა ნინო წილოსანმა.
ღონისძიება ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მხარდაჭერითა და დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით განხორციელდა.