მიკროსაფინანსო ორგანიზაცია შპს „მისო თამ კრედიტის“ რეგისტრაცია გაუუქმდა და ლიკვიდაციის რეჟიმში გადავიდა.
ამის შესახებ ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 22 იანვრის განკარგულებაშია აღნიშნული. ამასთან, განკარგულების თანახმად, ორგანიზაციის ლიკვიდატორიც დაინიშნა.
„ძალადაკარგულად გამოცხადდეს „შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „TAM კრედიტის“ რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2007 წლის 6 მარტის №107 განკარგულება. ეს განკარგულება გამოცემიდან 10-დღიან ვადაში უნდა გამოქვეყნდეს ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდსა და საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში.
აღნიშნული განკარგულების გასაჩივრება შეიძლება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში, მისი ოფიციალურად გაცნობიდან ერთი თვის ვადაში. განკარგულება ამოქმედდეს მხარისათვის მისი გაცნობისთანავე,“-აღნიშნულია განკარგულებაში. როგორც ეროვნული ბანკის ვებგვერდზეა აღნიშნული, 2018 წლის ნოემბრის მდგომარეობით, ქვეყანაში 67 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ფუნქციონირებდა, თუმცა, დეკემბერ-იანვარში მათი რიცხვი კიდევ რამდენიმეთი შემცირდა.