საგადასახადო კოდექსში ცვლილებები შევიდა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინიცირებით, საგადასახადო სანქციების შემდგომი ლიბერალიზაციის მიმართულებით, საგადასახადო კოდექსში ცვლილებები შევიდა.

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ცვლილებების მიხედვით, გადამხდელს ავტომატურად შეუმცირდება დარიცხული ჯარიმების 50%, თუ წარმოშობილი საგადასახადო დავალიანება აღიარებულია და საგადასახადო მოთხოვნის ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში, სრულად გადახდილია დარიცხული გადასახადების და ჯარიმების 50%.

გარდა ამისა, სამჯერ - 30%-დან 10%-მდე შემცირდა ჯარიმის მაქსიმალური ოდენობა დეკლარაციის დაგვიანებით წარდგენისათვის. ამასთან, თუ ვადაგადაცილების პერიოდი არ აღემატება 2 თვეს, ჯარიმის მაქსიმალური ოდენობა განახევრდება და იქნება 5%, ხოლო თუ ვადაგადაცილების პერიოდი აღემატება 2 თვეს, გადამხდელი დაჯარიმდება გადასახადის თანხის 10% ოდენობით, ნაცვლად მანამდე მოქმედი 30%-ისა.

"საგადასახადო კოდექსში შესული ცვლილებებით, დეკლარაციაში გადასახადის შემცირებისათვის ჯარიმის შეფარდება ხორციელდება გადასახადის სამართალდარღვევის სიმძიმის ხარისხის მიხედვით. კერძოდ, თუ შემცირებული გადასახადის თანხა არ აღემატება დეკლარაციაში გადასახადის თანხის 5%ს, გადამხდელი დაჯარიმდება შემცირებული თანხის 10%-ით, ხოლო თუ შემცირებული თანხა დეკლარაციაში მითითებული თანხის 5-%-ზე მეტია, მაგრამ არ აღემატება 20%-ს, გადამხდელი დაჯარიმდება 25%-ის ოდენობით, ნაცვლად მანამდე მოქმედი 50%-ისა.

ასევე, დაწესდა ზღვრული ოდენობა გადასახადის შემცირებისათვის არსებულ ჯარიმაზე - საგადასახადო შემოწმების შედეგად, გადამხდელს გადასახადის შემცირებისთვის ვერ შეეფარდება აღნიშნულ საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული გადასახადების თანხაზე მეტი ოდენობის ჯარიმა.

გარდა ამისა, განხორციელებული ცვლილებებით, ზედნადების გარეშე საქონლის ტრანსპორტირებისას, პირველ შემთხვევაში სანქციის სახით გამოიყენება გაფრთხილება, ფულადი ჯარიმის ნაცვლად.

აღნიშნული ცვლილებები საგადასახადო კოდექსში საქართველოს პარლამენტმა გასული წლის ბოლოს დაამტკიცა და მისი მიზანია, ბიზნესგარემოს კიდევ უფრო გაუმჯობესება.

საგადასახადო სანქციების შემდგომი ლიბერალიზაციისა და სამართლიანი ადმინისტრირების კუთხით ცვლილებების განხორციელება მთავრობისა და ფინანსთა სამინისტროს მიერ 2018 წელს დაანონსდა",- აღნიშნულია ფინანსთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.