2020 წლისთვის ნატოს  წევრები ალიანსის ბიუჯეტში 100 მილიარდ დოლარს დაამატებენ

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი სახელმწიფოები ორგანიზაციის ბიუჯეტში 2020 წლისთვის დამატებით 100 მილიარდ დოლარს შეიტანენ. ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა დავოსში მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ალიანსის გენერალური მდივნის თქმით, ამას ითვალისწინებს ნატოს მოკავშირეების ეროვნული გეგმა.

როგორც ცნობილია, ალიანსის წევრი ქვეყნების ლიდერებმა 2014 წელს სამიტზე ხელი მოაწერეს დეკლარაციას, რომელშიც აცხადებდნენ, რომ მომავალი 10 წლის განმავლობაში გაზრდიდნენ სამხედრო დანახარჯებს მათი ქვეყნების მშპ-ს 2%-მდე. მშპ-ს 2%-მდე ალიანსის ბიუჯეტში შეტანაზე მანამდეც საუბრობდა ვაშინგტონი და მისი ევროპელი მოკავშირეებისგან ითხოვდა გაეზარდათ სამხედრო დანახარჯები, კონკრეტულად კი განეახლებინათ საკუთარი სამხედრო ტექნიკა. თუმცა ამის მიღწევა იურიდიულ დონეზე შტატებმა მხოლოდ 2014 წელს მოახერხეს.

კოკა კვირკველია