ნიუ-იორკის ცენტრში მდებარე ერთ-ერთი ცათამბჯენის პენტჰაუსი ამერიკის ისტორიაში რეკორდულ ფასად - 238 მილიონ დოლარად გაიყიდა. ამის შესახებ The Wall Street Journal-ი წერს და აღნიშნავს, რომ მისი მფლობელი მილიარდერი კენ გრიფინი გახდა.
აქამდე ამერიკის უძრავი ქონების ბაზარზე რეკორდი სხვა ფინანსისტს ბარი როზენსტაინს ეკუთვნოდა, რომელმაც სახლი ისთ-ჰემპტონში კუნძულ ლონგ-აილენდზე 2014 წელს 137 მილიონად იყიდა.
გამოცემის ინფორმაციით, მანჰეტენზე 79-სართულიანი შენობის მშენებლობა ჯერ არ არის დასრულებული. ის ცენტრალურ პარკს დაჰყურებს.
გრიფინის აპარტამენტის ფართი 2,230 კვადრატული მეტრია. ცნობისათვის, ეს არ არის მილიარდერის პირველი ასეთი ძვირადღირებული შენაძენი. საკუთარი რეკორდი მან 2015 წელს დაამყარა, როცა ლონდონში ბუკინჰემის სასახლის მოპირდაპირედ ქონება 122 მილიონად შეიძინა. იმავე წელს მან იყიდა ყველაზე ძვირად ღირებული პენტჰაუსი მაიამიში 60 მილიონად. მიმდინარე წლის დასაწყისში კი გახდა ბინის მფლობელი ჩიკაგოში, რომელშიც 58 მილიონი გადაიხადა.
50 წლის გრიფინი ინვესტიციებით ჰარვარდის უნივერსიტეტში სწავლის პერიოდიდან გასული საუკუნის 80-იან წლებში დაკავდა, უკვე 90-იანებში დააფუძნა ჰეჯფონდი Citadel, რომლის კაპიტალმა გასულ წელს 25 მილიარდი დოლარი შეადგინა. მისი პირადი ქონება შეფასებულია 9,9 მილიარდ დოლარად და ამერიკის უმდიდრესი ადამიანების ასეულშია.