თბილისი-რუსთავის ცენტრალური გზის მშენებლობა, ზუგდიდი ბოტანიკური ბაღის, აბასთუმნის, რამდენიმე ეკლესიისა და მუზეუმის რეაბილიტაცია, - ეს იმ პროექტების ნაწილია, რომლის დასრულებასაც რეგიონალური განვითრებისა და ინფასტრუქტურის სამინისტრო მიმდინარე წელს გეგმავს.
„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ იმ მიმდინარე ძირითადი პროექტების ჩამონათვალს, რომლის დასრულებაც 2019 წელს იგეგმება:
რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე წელს დასრულდება ინფრასტრუქტურული პროექტები აბასთუმანში. კერძოდ, ისტორიული სახლების რეაბილიტაცია 2019 წლის 30 სექტემბერს, ხოლო ობსერვატორიის - 1- ელ სექტემბერს. პროექტი მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით ხორციელდება. ობსერვატორიის ღირებულება - 3,783,787.37 ლარი, ხოლო ისტორიულ სახლების - 4,143,728.56 ლარია.
გარდა აღნიშნულისა, პროექტი ითვალისწინებს დაბა აბასთუმნის ცენტრალურ ქუჩაზე არსებული მე-19, მე-20 საუკუნეებში აშენებული 18 ისტორიული სახლის რეაბილიტაციას და მათი პირვანდელი იერსახით აღდგენას. ასევე, ხორციელდება ევგენი ხარაძის სახელობის ნაციონალური ასტროფიზიკური ობსერვატორიის რეაბილიტაცია. პროექტი მოიცავს დიდი ტელესკოპის AZT-11-ის შენობის სრულ რეაბილიტაციას, სადაც განთავსდება ვიზიტორთა საინფორმაციო ცენტრი, კაფე, მოეწყობა საგამოფენო და სამუშაო სივრცე, ასევე აღდგება არსებული ბიბლიოთეკა. პროექტის ფარგლებში, გათვალისწინებულია მთავარი საპროექტო შენობის მიმდებარედ, დასახლების ცენტრალური ტერიტორიის კეთილმოწყობა, 1982 წელს აშენებული საბაგირო გზის აღდგენა, საპირფარეშოებისა და პარკინგის მოწყობა.
უწყების ინფორმაციით, მიმდინარე წელსვე (მარტში) დასრულდება ქ. თელავის კანალიზაციის გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა, რომლის დონორი შვედეთის საერთაშორისო განვითარების კოოპერაციის სააგენტოა. მისი საინვესტიცო ღირებულება 12,389,553.03 ლარია. პროექტის განხორციელება 2016 წელის დეკემბერში დაიწყო.
ამავე წლის მარტშია დაგეგმილი წყალტუბოს კანალიზაციის გამწმენდი ნაგებობის მშენებლობაის დასრულება. პროექტი 2016 წლის დეკემბერში შვედეთის საერთაშორისო განვითარების კოოპერაციის სააგენტოს (SIDA) დონორობით დაიწყო და ჯამში 8778378.67 ლარი ინვესტიცია ჩაიდო. პროექტი ითვალისწინებს წყალტუბოში თანამედროვე ტიპის ბიოლოგიურად გამწმენდი ნაგებობის მშენებლობას, რომლის მეშვეობითაც მდინარეში ჩამდინარე წყალი გაიფილტრება.
ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, 2019 წლის ივნისში დასრულდება ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაციაც. პროექტს მსოფლიო ბანკი 11 974 436 ლარით აფინანსებს. რეაბილიტაციის პროცესი 2018 წლის იანვარში დაიწყო.
მიმიდინარე წლის ივლისშია დაგეგმილი მცხეთის კინოთეატრის შენობის არქეოლოგიურ მუზეუმად ადაპტაციის პროექტი, რომელიც მსოფლიო ბანკმა 9,204,759 ლარით დააფინანსა. სამუშაოები 2018 წლის იანვარში დაიწყო. როგორც ინფრასტრუქტურის სამინისტროში აღნიშნავენ, ძველი ნაგებობის რეკონსტრუქციის შედეგად, შენობაში განთავსდება საგამოფენო და საკონფერენციო სივრცეები, ფონდსაცავები, კაფეტერია და სხვა დამხმარე ვიზიტორთა თუ ადმინისტრაციული სათავსები.
2019 წლის 30 ნოემბერს უნდა დასრულდეს ქ. ბათუმის ნაპირდაცვა და სანაპირო ზოლის მოწყობა. პროექტს აზიის განვითარების ბანკი 55 614 181.41 ლარით აფინანსებს. სამუშაოები 2016 წლის დეკემბერში დაიწყო. პროექტი ითვალისწინებს დაახლოებით, 2 კმ ნაპირსამაგრი ნაგებობის მოწყობას, სანაპირო ზოლის აღდგენას და დაზიანებული ბულვარის სრულ რეაბილიტაციას. ბულვარის აღდგენილ სანაპიროსთან დაკავშირების მიზნით, მოეწყობა 12 საფეხმავლო ხიდი.
სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, მიმდინარე წელის ივნისში დასრულდება ფოთში მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსისა და საცურაო აუზის პროექტირება-მშენებლობაც, რომელიც გასული წლის თებერვალში დაიწყო. პროექტის დონორი ევროპის საინვესტიციო ბანკია, ჯამში 14,500,136 ლარის ინვესტიცია ხორციელდება. როგორც უწყებაში განმარტავენ, პროექტი ითვალისწინებს პოლიკარპე ზერაგიას ქუჩაზე მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსისა და საცურაო აუზის მშენებლობას.
მიმდინარე წლის ნოემბერში იგეგმება სოფელ ასურეთში შვაბების ქუჩის ინფრასტრუქტურული პროექტების დასრულებაც, რომელის საქართველოს მთავრობამ 1,544,760.00 ლარით დააფინანსა. სამუშაოები 2018 წლის ნოემბერში დაიწყო.
მიმდინარე წელს (თვე უცნობია) უნდა დასრულდეს თბილისი-რუსთავის გზის მშენებლობა. პროექტი აზიის განვითრების ბანკის მხარდაჭერით ხორციელდება და ჯამში, 119 მილიონი ლარის ინვესტიციაა გათვალისწინებული. საგზაო სამუშაოები 2017 წლის თებერვალში დაიწყო.
2019 წელს დაანონსდა ტექნიკურ უნივერსიტეტში ლაბორატორიის რეაბილიტაცია, რომელიც აზიის განვითარების ბანკის მიერ 6.5 მილიონი ლარით დაფინასდა. პროექტი 2018 წლის ივლისში დაიწყო.
ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2019 წლის მარტში დასრულდება ბაკურიანის შემოვლითი გზის მშენებლობა, რომელიც მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტის განხორციელებაზე 6,354,211.05 ლარის ინვესტიცია ჩაიდო. სამუშაოები გასული წლის ივნისში დაიწყო.
2019 წლის მაისში უნდა დასრულდეს ზედაზნის მონასტერთან მისასვლელი გზის რეაბილიტაციაც, რომელიც გასული წლის ივლისში დაიწყო. პროექტის დონორი მსოფლიო ბანკია. ჯამში 2.5 მილიონი ლარის ინვესტიცია ჩაიდო.
ამავე ინფორმაციით, მიმდინარე წლის ნოემბრეში იგეგმება მოწამეთას მონასტერთან ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოების დასრულება, რომელიც გასული წლის ნომებრეში დაიწყო. პროექტს მსოფლიო ბანკი 1.3 მილიონი ლარით აფინანსებს.
2019 წლის მარტში უნდა დასრულდეს ჭიათურაში საბაგირო გზების რეაბილიტაცია, რომელიც საფრანგეთისა და საქართველოს მთავრობებმა 40 მილიონი ლარით დააფინანსა. პროექტი 2016 წლის ივნისში დაიწყო. ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტი ითვალისწინებს საბაგირო გზებისა და სადგურების რეკონსტრუქციას. სრულად აღდგება ცენტრალური სადგური და მისგან გამავალი ოთხი მიმართულება.
უწყების ინფორმაციით, 2019 წლის ოქტომბერში უნდა დასრულდეს კაცხის სვეტის ინფრასტრუქტურული სამუშაოები, რომელიც 2017 წლის ნოემბერში დაიწყო. პროექტი მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით ხორციელდება და ჯამში 1,806,160.20 ლარის ინვესტიციას ითვალისწინებს.
2019 წლის აპრილში უნდა დასრულდეს ვანში არქეოლოგიური მუზეუმის მშენებლობაც, რომელიც 2017 წლის იანვარში დაიწყო და მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით ხორციელდება. მისი ჯამური საინვესტიცო ღირებულება 7,788,627.24 ლარია.
გარდა ამ პროექტებისა, 2019 წელს დასრულდება: მესტიაში ლეო ფილფანის სახელობის თეატრის რეაბილიტაცია; ქობულეთის ნაპირდაცვისა და სანაპირო ზოლის მოწყობა; წყალტუბოს ცენტრალურ პარკში არსებული შადრევნის რეაბილიტაცია და ა.შ. იგეგმება ასევე რამდენიმე რეგიონისთვის წყალმომარაგების სისტემისა და საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოების დასრულებაც.