საცალო ვაჭრობის სექტორის მთავარი მოთამაშეები და მათი შემოსავლები

საცალო ვაჭრობის სექტორი საქართველოში სწრაფად ვითარდება. ბოლო 4 წლის განმავლობაში სექტორის შემოსავლები 5,8%-ით გაიზარდა და 2017 წელს 7.8 მილიარდ ლარს მიაღწია.

ამათგან, ორგანიზებული მარკეტების (ჰიპერმარკეტები, ბრენდირებული სუპერმარკეტები) შემოსავლები 32%-ით არის გაზრდილი და 2017 წელს მისი შემოსავლები 1.3 მლრდ ლარი იყო; ხოლო არაორგანიზებული მარკეტების შემთხვევაში - 7%-იანი ზრდა ფიქსირდება და ამ ტიპის ობიექტების შემოსავალმა 2017 წელს 6.5 მლრდ ლარი შეადგინა.

აღნიშნული მონაცემები TBC Capital-ის კვლევაშია მოცემული. ამასთან, როგორც კვლევაშია აღნიშნული, შემოსავლების ზრდა ძირითადად ფასების მატებით იყო განპირობებული.

კვლევის მიხედვით, 2017 წელს მთლიანი სექტორის შემოსავლების 16%-ორგანიზებულ; ხოლო 84% არაორგანიზებულ ობიექტებზე მოდის. თავის მხრივ ორგანიზებული ობიექტები კი, როგორებიცაა ჰიპერმარკეტები და ბრენდირებული სუპერმარკეტები, ბაზარს შემდეგნაირად ინაწილებენ: ლიდერია „კარფური“ -29%-ით; მას მოსდევს „ნიკორა“, რომელიც ბაზრის 21%-ს იკავებს; მე-3 ადგილზეა „ორი ნაბიჯი“ – 13%-ით; მე-4 პოზიციას 10%-ით „სპარი“ იკავებს, ხოლო მე-5-ზე „გუდვილია“, რომელზეც ბაზრის 9%-იანი წილი მოდის.

ათეულში არიან ასევე: „უნივერსამი“-5%; „აგროჰაბი“, „მაგნიტი“ და „დეილი“, რომელთაც ბაზრის 2%-2%-2% უკავიათ და „ევროპროდუქტი“ 1%-იანი წილით. 6% კი სხვა მოთამაშეებს უკავიათ.

ამასთან, როგორც კვლევაშია აღნიშნული, „კარფური“, „გუდვილი“, „ფრესკო“, „უნივერსამი“ და „აგროჰაბი“ ჰიპერმარკეტები; ხოლო „ნიკორა“, „სპარი“, „ორი ნაბიჯი“, „დეილი“, „მაგნიტი“ და „ევროპროდუქტი“ კი სუპერმარკეტებია.

„კარფური“ არის გაყიდვებით ბაზრის მთავარი მოთამაშე. მისი შემოსავლები ბოლო 4 წლის განმავლობაში 40%-ით გაიზარდა და 2017 წელს 370 მლნ ლარი შეადგინა. მისი მთავარი კონკურენტია „გუდვილი“, რომლის შემოსავლებიც 2017 წელს 116 მლნ ლარი იყო. რაც შეეხება „უნივერსამს“, მისი შემოსავლები აღნიშნულ პერიოდში 80%-ით გაიზარდა და 2017 წელს 67 მლნ ლარი შეადგინა. ის დედაქალაქში ორი ჰიპერმარკეტითა და რამდენიმე სუპერმარკეტითაა წარმოდგენილი. „აგროჰაბი“ ბაზრის ახალი მოთამაშეა, რომელსაც მხოლოდ 1 ჰიპერმარკეტი აქვს თბილისში და გაყიდვებით მან 2017 წელს 28 მლნ ლარი გამოიმუშავა. „ნიკორას“ შემოსავლები ბოლო 4 წლის განმავლობაში, 23%-ით გაიზარდა და 2017 წელს 268 მლნ ლარი შეადგინა; ამავე პერიოდში „ორი ნაბიჯის“ შემოსავლები 56%-ით არის გაზრდილი და 168 მლნ შეადგინა; ხოლო „სპარის“ შემოსავალმა 2017 წელს 123 მლნ ლარი შეადგინა. ჯამში, 4 წელში ეს მაჩვენებლები 14%-ით არის გაზრდილი,“-აღნიშნულია კვლევაში.

თაია არდოტელი