საკონსულტაციო კომპანია „რისტად ენერჯის“ მიერ ჩატარებული კვლევის შესაბამისად, 2025 წლისთვის შეერთებული შტატები ნავთობისა და თხევადი გაზის წარმოების მოცულობით, რუსეთს და საუდის არაბეთს, ერთად აღებულს გადაასწრებს.
„რისტადის“ ანალიზის მიხედვით, მომდევნო ექვს წელიწადში აშშ-ის მიერ, ენერგიის თხევადი წყაროს დღიური მოპოვება 24 მილიონ ბარელს ასცდება. თუმცა ამის მთავარი წინაპირობა ისაა, რომ ამ პერიოდში ამერიკული ნედლი ნავთობის საშუალო ფასი 58 დოლარის ფარგლებში უნდა იყოს.
ამერიკაში ენერგო რესურსების წარმოების ზრდის მთავარი რესურსი, ფიქალური საბადოებია. ყველაზე სწრაფად, სწორედ გიგანტური ფიქალური საბადო პერმეინი ვითარდება, რომელიც ტექსასის და ნიუ მექსიკოს შტატების მიწის ქვეშ მდებარეობს. ფიქალურ საბადოზე მოპოვება ჩვეულებრივზე ძვირი ჯდება და სწორედ ესაა იმის მიზეზი, რომ აშშ-ში წარმოების მკვეთრი ზრდის წინაპირობა, ნავთობის შედარებით მაღალი ფასია.
„აშშ-ში წარმოება შენელდება, თუ ნავთობის ფასი ჩვენს მიერ განსაზღვრულ საბაზისო ფასს დიდი ხნით ჩამოსცდება. მაგრამ თუ საშუალო ფასი ბარელში 50 დოლარზე მაღლა დარჩება, მაშინ აშშ-ში მოპოვება სტაბილურად გაიზრდება“, - ამბობს „რისტადის“ ანალიტიკოსი არტემ აბრამოვი.
შარშან ამერიკა მსოფლიოს უდიდესი ნავთობმომპოვებელი ქვეყანა გახდა. მან გადაასწრო რუსეთს და საუდის არაბეთს, რომელიც OPEC-ის (ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაცია) ლიდერი მომპოვებელია. აშშ-ის დაწინაურებას სწორედ პერმეინის საბადოზე მოპოვების მკვეთრმა ზრდამ შეუწყო ხელი.
აშშ-ის ენერგიის ინფორმაციის ადმინისტრაციის (EIA) პროგნოზით, წელს ამერიკაში დღიური მოპოვების მოცულობა 12 მილიონ ბარელს ასცდება.