ქართული აგროსაკონსულტაციო კომპანია მცირე ფერმერებს დაეხმარება

ქართული აგროსაკონსულტაციო კომპანია Agritouch მიმდინარე წელს საკუთარი მომსახურების გაფართოვებას გეგმავს. ორგანიზაცია, რომელიც 2018 წლის აგვისტოში შეიქმნა, გარდა ხილისა და ბოსტნეულის კულტივირების სერსვისების, მომხმარებელს ბიზნეს გეგმის დაწერაში, დოკუმენტების მომზადებაში, დამატებითი ფინანსური რესურსების მოძიებასა და საექსპორტო ბაზარზე პარტნიორების მოძიებაში ეხმარება.

აღსანიშნავია, რომ გასული წლის ნოემბერში, USAID-მა სოფლის მეურნეობის პროგრამის ფარგლებში, Agritouch შეარჩია როგორც პარტნიორი ორგანიზაცია საექსპორტო ბაზარზე ხელშეწყობისა და სასოფლო სამეურნეო ტექნოლოგიების დანერგვის მიმართულებით.

როგორც East Fruit-თან საუბრისას Agritouch-ის დაფუძნებელმა ეკატერინე ვეფხვაძემ განაცხადა, დღეს აგრომომსახურება ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადია, განსაკუთრებით კენკრის, ციტრუსისა და თხილის ბაღების გაშენების პროცესში.

როგორც ეკატერინე ვეფხვაძე აღნიშნავს, ორგანიზაციის კლიენტებს შორის არიან იურიდიული პირები და ფერმერები.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, კომპანიის დამფუძნებლის თქმით, ეს ძირითადად უკავშირდება მომსახურების გაუმჯობესებას.

„მიმდინარე წელს, 4 კომპანიასთან ერთად, გურიისა და სამეგრელოს რეგიონებში 30 ჰექტარზე ვაშენებეთ მოცვის პლანტაციებს. ამის პარალელურად, USAID-ის სოფლის მეურნეობის განვითრების პროგრამის ფარგლებში, საკონსულტაციო მომსახურებას გავუწევთ ფერმერებს. გარდა ამისა, ჩვენ გვაქვს იდეა, რომ ვითანამშრომლოთ იმ მცირე ფერმერებთან, რომლებიც დაინტერესებულები არიან კენკრის ბაღების გაშენებით. გვინდა, რომ ამ იდეის რეალიზება ამ წელს მოვახდინოთ. თქვენ იცით, რომ სახელმწიფო „მომავლის ფერმის“ (ერთიანი აგროპროექტი) ფარგლებში ფინანსური მხარდაჭერას უწევს მცირე მეწარმეებს. ჩვენ გვინდა, რომ კონსულტაცია გავუწიოთ ამ ფერმერებს, რათა მათმა პროდუქციამ დააკმაყოფილოს საექსპორტო მოთხოვნილებები. შესაბამისადა, მათი პროდუქციის ექსპორტს ჩვენ თავად მოვახდენთ და მათ ამაზე ზრუნვა აღარ მოუწევთ“,-განაცხადა ეკატერინე ვეფხვაძემ.

ნინი ქეთელაური