საქართველოდან მსხვილფეხა საქონლის სულადობრივი მაჩვენებელი მცირდება. ამის ერთ-ერთი მიზეზი ქვეყნიდან ცოცხალი პირუტყვის ექსპორტია. მხოლოდ შარშან ექსპორტზე 127 139 ცოცხალი მსხვილფეხა პირუტყვი გავიდა, რაც მთლიანი წარმოების თითქმის 14%-ია.
საქართველოში ცოცხალი პირუტყვის სიმცირეზე „ბიზნესპრესნიუსი“ უკვე წერდა. როგორც მაშინ სასაკლაოების მეპატრონეები ჩვენთან საუბრისას აცხადებდნენ, ბოლო წლებში მათთან მიმართვიანობის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად შემცირდა. ისინი ამ ყველაფერს ცოცხალი საქონლის ექსპორტის ზრდას უკავშირებდნენ და აცხადებდნენ, რომ თუ ქვეყნიდან მსხვილფეხა საქონლის გაყვანა არ შეიზღუდებოდა, ქართულ ბაზარზე საქონლის ხორცით თვითუზრუნველყოფის მაჩვენებელი კიდევ უფრო შემცირდებოდა და შესაბამისად, გაიზრდებოდა ფასიც.
1-ლი იანვრიდან კი საქართველოდან 140 კგ-ზე ნაკლები ცოცხალი მსხვილფეხა საქონლის ექსპორტი აიკრძალა. როგორც დადგენილებაშია აღნიშნული, აკრძალულია ქვეყნიდან არანაკლებ 140 კგ ცოცხალი მასის მქონე მსხვილფეხა საქონლის (მოზარდის) ექსპორტი.
რაც შეეხება სტატისტიკას, ბოლო წლებში მსხვილფეხა საქონლის სულადობის შემცირების ტენდენცია შეინიშნება. კერძოდ, 2016 წლის მესამე კვარტალში ქვეყანაში სულ აღრიცხული იყო 1 042,6 ათასი სული საქონელი, 2017 წლის მესამე კვარტალში - 965,9 ათასი, ხოლო 2018 წლის მესამე კვარტალში - 923 ათასი.
სურსათის ეროვნული სამინისტროს მიერ „ბიზნესპრესნიუსისთვის“ მოწოდებული ინფორმაციით, 2018 წელს საქართველოდან სულ ექსპორტზე გავიდა 127 139 სული მსხვილფეხა პირუტყვი, აქედან 79 250 სულის ექსპორტი აზერბაიჯანში, ხოლო 47 889 სულის ექსპორტი ერაყში განხორციელდა.