2018 წლის იანვარ-ნოემბერში მომხმარებელთა მხრიდან კომერციული ბანკებისა და მიკროსაფინანსოების მიმართ 6 859 საჩივარი დაფიქსირდა, საიდანაც თითქმის 81% კომერციულ ბანკებზე მოდის.
ეროვნული ბანკის სტატისტიკის მიხედვით, გასულ წლის 11 თვეში ბანკების მიმართ 5 541 საჩივარი შევიდა. მხოლოდ ნოემბერში ბანკების მუშაობით უკმაყოფილო 699 ადამიანი იყო, რაც 127%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. შარშან ნოემბერში 302 საჩივარი დაიწერა.
2018 წლის ნოემბრის პრეტენზიების სამეულში შედიან:
1) მიმდინარე ანგარიში - 239 განაცხადი
2) სამომხმარებლო სესხი - 89 განაცხადი
3) საკრედიტო ბარათი – 45 განაცხადი
პრეტენზიების შინაარსის მიხედვით, ჯამში შემოსული პრეტენზიების დაახლოებით ნახევარი ტრანზაქციებს და მომსახურებას უკავშირდება.
რაც შეეხება 2017 წელს, მაშინ ბანკების მიმართ 3 665 საჩივარი შევიდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 28,2%-ით მეტია. 2016 წელს ბანკებს პრეტენზიით 2 857-მა ადამიანმა მიმართა.
ნოემბერში დაფიქსირებული პრეტენზიებიდან თითქმის 43% ბანკებმა უსაფუძვლოდ მიიჩნიეს, სულ 302 განაცხადი. საფუძვლიანად 227 განაცხადი, დანარჩენის განხილვა კი ჯერ არ დასრულებულა.
კომერციულ ბანკებთან ერთად 2018 წლიდან სებ-ში აღირიცხება მიკროსაფინანსოებთან დაკავშირებული პრეტენზიები. კერძოდ, მიმდინარე წლის 11 თვეში მისო-ებთან დაკავშირებით 1 318 პრეტენზია დაფიქსირდა. მხოლოდ ნოემბერში კი 112 საჩივარი შევიდა, საიდანაც ყველაზე მეტი - 95 საჩივარი სამომხმარებლო სესხზე დაფიქსირდა, 7 - მომენტალურ განვადებაზე.
აღსანიშნავია, რომ ბანკების ანალოგიურად მომხმარებელთა პრეტენზიების დიდი ნაწილს უსაფუძვლოდ მიიჩნევენ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებშიც. ნოემბერში დაფიქსირებული 112 პრეტენზიიდან მისო-ებმა საფუძვლიანად მხოლოდ 38 ერთეული მიიჩნია, 65 კი უსაფუძვლოდ.
ცნობისათვის, მომხმარებელთა ცხელი ხაზი ეროვნულ ბანკში 2011 წლიდან მოქმედებს. პრეტენზიების სტატისტიკაც მას შემდეგ იწარმოება.