ფულის დაცვის ახალმა მექანიზმებმა მნიშვნელოვნად შეამცირა გერმანიასა და ევროკავშირში ყალბი ფულის რაოდენობა.
2018 წლის განმავლობაში პოლიციის, ბანკებისა და მოვაჭრეების მიერ მიმოქცევიდან ამოღებული იყო 563 ათასი ყალბი კუპიურა, რაც 19%-ით ნაკლებია, ვიდრე ერთი წლით ადრე. ამის შესახებ Deutsche Welle ევროპის ცენტრალურ ბანკზე დაყრდნობით წერს. შედეგად, ყალბი ბანკნოტების მიერ მიყენებულმა ზარალმა 4,1 მილიონიდან, 3,4 მილიონ ევრომდე იკლო გასულ წელს.
„მნიშვნელოვნად შემცირდა 20 ევროიანი ყალბი კუპიურების რაოდენობა, ასევე შემცირებულია 50 ევროიანი ყალბი ბანკნოტების მოცულობაც, რომელსაც ყველაზე ხშირად აყალბებდნენ,“ - აცხადებენ ევროპის ცენტრალურ ბანკში.
ახალი გამუჯობესებული დაცვის სისტემის მქონე 50 ევროიანი ბანკნოტები 2017 წლის აპრილში გამოვიდა.
მოდერნიზირებული 20 ევროიანი კუპიურები კი 2015 წლის ნოემბერში. მიმდინარე წლის მაისის ბოლოსთვის განახლდება 100 და 200 ევროიანი ბანკნოტებიც. იმის გათვალისწინებით, რომ ევროპის ტერიტორიაზე ევრობანკნოტების 22 მილიარდი ერთეულია მიმოქცევაში, მათი გაყალბების წილი საერთო მასასთან შედარებით ძალიან ცოტაა. გერმანიაში გასულ წელს 10 ათას მოსახლეზე 7 ყალბი ბანკნოტი მოდიოდა.