ფოთის პორტში გემის ეკიპაჟი დააჯარიმეს

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ტანზანიის დროშის ქვეშ მცურავი გემის "LADY RASHA" ეკიპაჟი 65 000 ლარით დააჯარიმეს.

გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ტანზანიის დროშის ქვეშ მცურავი გემი "LADY RASHA"-ს მიერ ფოთის პორტის ნავმისადგომთან, სამეურნეო - ფეკალური მასების შემცველი წყლები იღვრებოდა.

აღნიშნული ქმედების გამო გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამსახურის და საქართველოს შსს-ს სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველოს დასავლეთის ოპერატიული სამმართველოს მიერ, გემის კაპიტნის, სირიის მოქალაქის ოთმან ოთმანის მიმართ შედგა ერთობლივი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, რომელიც ითვალისწინებს საჯარიმო სანქციას 65 000 ლარის ოდენობით.

საქმე ფოთის საქალაქო სასამართლომ განიხილა და 2014 წლის 7 ივლისს სამართალდამრღვევს დააკისრა ჯარიმის და გარემოზე მიყენებული ზიანის თანხის გადახდა. აღნიშნული თანხა გადახდილია და გემმა საქართველოს ტერიტორიული წყლები დატოვა.