ვაზის  სარგავი და სამყნობი მასალა სერტიფიცირებას დაექვემდებარება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ „ვაზის სამყნობი მასალისა და ვაზის სარგავი მასალის სერტიფიცირების წესი“ დაამტკიცა. ეს ბრძანება გამოქვეყნებიდან, 25 იანვრიდან მე-10 დღეს ამოქმედდება.

მასალის სერტიფიცირების მიზანია: მოცემული მასალის შესაბამისობის დადგენა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან; მასალის ხარისხობრივი მაჩვენებლების დადგენა; მომხმარებლისათვის ხარისხიანი მასალის მიწოდება.

როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანებაშია აღნიშნული, მასალის სერტიფიცირება შემდეგი ეტაპებისაგან შედგება: განაცხადის შეტანა; განაცხადის განხილვა და გადაწყვეტილების მიღება სერტიფიცირების ჩატარების თაობაზე; ინსპექტირება საველე პირობებში; ნიმუშის აღება სერტიფიკაციას დაქვემდებარებული მასალის პარტიიდან; აღებული ნიმუშების ლაბორატორიული გამოცდა; სერტიფიცირების ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღება სერტიფიკატის გაცემაზე და სერტიფიკატის გაცემა.

„სერტიფიცირებისათვის განმცხადებელი ვალდებულია სერტიფიცირების ორგანოში განაცხადი შეიტანოს არაუგვიანეს მიმდინარე წლის პირველი აპრილისა. სერტიფიცირებისათვის ვაზის დაცულ ჯიშებზე განაცხადის წარდგენა შეუძლია ჯიშის მფლობელს. განაცხადი უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას: განმცხადებლის საიდენტიფიკაციო მონაცემები; ვაზის ჯიშის დასახელება; მასალის კატეგორია; კულტურის ქართული და ლათინური დასახელება; ნარგაობის ადგილმდებარეობა და ფართობი.

განმცხადებელმა განაცხადს თან უნდა დაურთოს შემდეგი დოკუმენტაცია: დაცული ჯიშის შემთხვევაში ვაზის ჯიშის მფლობელთან გარიგების რაიმე სახის დოკუმენტი (ხელშეკრულება, ურთიერთშეთანხმება და ა.შ.; სარგავი მასალის ხარისხისა და წარმომავლობის დამადასტურებელი დოკუმენტი; ჯიშის ოფიციალური აღწერილობა, რომელიც გაცემულია კომპეტენტური ორგანოს მიერ.

მასალა უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოში მოქმედ და ამ მასალით საერთაშორისო ვაჭრობაში მიღებული ნორმატიული დოკუმენტებით განსაზღვრულ მოთხოვნებს. მასალის პარტიის დამზადების შემდეგ, განმცხადებელი აცნობებს სერტიფიცირების ორგანოს, სარგავი მასალის სარეალიზაციოდ მზადყოფნის შესახებ. სერტიფიცირების ორგანო ახორციელებს მასალის პარტიებიდან საანალიზო ნიმუშების აღებას.

სერტიფიცირების ორგანო სერტიფიკატის გაცემაზე გადაწყვეტილებას იღებს, საველე პირობებში ინსპექტირებისა და ლაბორატორიული კვლევების შედეგის საფუძველზე, თუ დადგენილი მახასიათებლები აკმაყოფილებენ საქართველოში მოქმედი სტანდარტებით, ნორმებით, წესებით სარგავი მასალით საერთაშორისო ვაჭრობაში მიღებული სტანდარტებით, წესებით და ნორმატიული დოკუმენტებით გათვალისწინებულ პირობებს,“-აღნიშნულია ბრძანებაში.

ბრძანების მიხედვით, მასალაზე გაცემული სერტიფიკატი ძალაში შედის გაცემის დღიდან და მოქმედებს 6 თვის განმავლობაში, თუმცა, მწარმოებლის სურვილის შემთხვევაში სერტიფიკატის ვადის გაგრძელება შესაძლებელია ერთ წლამდე, ამისთვის მან უნდა მიმართოს სერტიფიცირების ორგანოს, რომელიც ზედამხვედველობის გზით გააკონტროლებს ნერგის შენახვის პირობებს.

თაია არდოტელი