გიორგი კვირიკაშვილი: "ტავ ჯორჯიასთან" განახლებული ხელშეკრულების ხელმოწერას ვგეგმავთ

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, "ტავ ჯორჯიასთან" დაკავშირებით საკმაოდ რთული მოლაპარაკებები იყო.

როგორც გიორიგ კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, საერთაშორისო საავიაციო ასოციაციის ექსპერტთა დასკვნამ აჩვენა, რომ ბევრი პრეტენზია იყო აბსოლუტურად სწორი ამ კომპანიის მიმართ.

"სამწუხაროდ, კომპანიამ არ გააკეთა ყველაფერი რაც შეეძლო იმისთვის, რომ საქართველოს ერთ-ერთი უმთავრესი ინფრასტრუქტურული ობიექტის - თბილისის აეროპორტის პოტენციალი ბოლომდე ყოფილიყო გამოყენებული. ჩვენ ივლისის ბოლომდე ვგეგმავთ, რომ განახლებულ ხელშეკრულებას მოვაწეროთ ხელი, რაც მათ უკვე ძალიან კონკრეტულად დაავალდებულებს იმ ნაბიჯების გადადგმას, რაც საქართველოს საჰაერო-სატრანზიტო პოტენციალს რამდენიმე საფეხურით გაზრდის", - განაცხადა კვირიკაშვილმა.

მისივე თქმით, რამდენიმე დღის წინ ჩაატარეს საავიაციო ფორუმი, სადაც ჩამოსული იყვნენ მსოფლიოს წამყვანი ავიაკომპანიების, მათ შორის დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიების წარმომადგენლები, რომლებიც აღფრთოვანებულები დარჩნენ იმ პოტენციალით, რომელიც ჩვენს ქვეყანას გააჩნია.