„ბოლო პერიოდში საწვავის ხარისხი ქვეყანაში, პრაქტიკულად, ყოველწლიურად უმჯობესდება“

ავტომობილის ტექნიკურ გამართულობასთან ერთად საავტომობილო გამონაბოლქვის სიდიდესა და ტოქსიკურობაზე უმნიშვნელოვანეს ზეგავლენასახდენს საწვავის ხარისხი. ბოლო პერიოდში საწვავის ხარისხი ქვეყანაში პრაქტიკულად ყოველწლიურად უმჯობესდება,- ამის შესახებ გარემოსა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, 2017 წლიდან ქვეყანაში ევრო 5 სტანდარტის ბენზინი მოიხმარება.

„ეტაპობრივად უმჯობესდება დიზელის ხარისხიც. 2019 წლის პირველი იანვრიდან დიზელის საწვავის ხარისხი ევრო 4 ნორმამდე გაიზარდა, ხოლო წლის ბოლოდან ის ევრო 5-ს მიაღწევს. სწორედ ამის შედეგია ის, რომ ისეთი მნიშვნელოვანი დამბინძურებლები, როგორიცაა გოგირდის ორჟანგი და ბენზოლი დღეს მთელი ქვეყნის მასშტაბით ნორმის ფარგლებშია.

აღსანიშნავია საწვავის ხარისხის სახელმწიფო კონტროლის გააქტიურებაც. გასულ წლებთან შედარებით, როდესაც წლის განმავლობაში მხოლოდ 30-მდე ავტოგასამართ სადგურზე ხდებოდა ხარისხის კონტროლი, 2018 წელს საწვავის ხარისხი 143 სადგურზე შემოწმდა“,- ნათქვამია განცხადებაში.