„სილქნეტმა“ უკვე შეაჩერა ტარიფების გაძვირების პროცესი და იმედი მაქვს, „მაგთიც“ სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს"

„სილქნეტმა“ უკვე შეაჩერა ტარიფების გაძვირების პროცესი და იმედი მაქვს, „მაგთიც“ სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს, - ამის შესახებ კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ კახა ბექაურმა "იმედი LIVE"-ის ეთერში განაცხადა.

ის მიიჩნევს, რომ ორივე კომპანიამ არასწორ დროს არასწორი გადაწყვეტილება დააანონსა, ვინაიდან ბაზარზე ტარიფის გაზრდის წინაპირობა არ არსებობდა.

ბექაურის თქმით, კარგია, რომ კომპანია „სილქნეტმა“ კომისიის მიმართვის საფუძველზე, უკვე შეაჩერა გაძვირების პროცესი და იმედს იტოვებს, რომ ანალოგიურად მოიქცევა „მაგთიც“.

"ჩვენ კანონი გვაძლევს საშუალებას, რომ საცალო ბაზარი დავარეგულიროთ, მათ შორის დავადოთ ზღვრულ ტარიფებზე ვალდებულება კომპანიებს. თუ კომისია მივა დასკვნამდე, რომ ეს ორი დიდი ძალის მქონე ოპერატორი ("სილქნეტი" და "მაგთი") ბაზარზე ფასების გაძვირებით თავის ძალაუფლებას ბოროტად იყენებს, კომისიას უფლება აქვს საცალო ზღვრული ტარიფები დააწესოს", - განაცხადა კახა ბექაურმა.

მისივე განმარტებით, კომპანიების კომისიის მიერ დაწესებული ზღვრული ტარიფის შესახებ გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება სასამართლოში აქვთ, თუმცა კახა ბექაური ფიქრობს, რომ საქმე აქამდე არ მივა, რადგან კომისია დაუსაბუთებელ გადაწყვეტილებას არ მიიღებს.

"თუ კომისია მივიდა ზღვრული ტარიფის დადგენამდე, ამ გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება კომპანიებს სასამართლოში აქვთ. კომისია დაუსაბუთებელ გადაწყვეტილებას არ მიიღებს, მე არ მახსენდება ბოლოს როდის წავაგეთ სასამართლო პროცესი. იმიტომ, რომ კომისიის ყველა ასეთი გადაწყვეტილება ფუნდამენტური კვლევისა და ანალიზის საფუძველზე მიიღება. დეტალურად ხდება საკითხების შესწავლა, როგორც აპარატის, ასევე კომისიის ხუთივე წევრის მხრიდან", - განაცხადა კახა ბექაურმა.

კომისიის თავმჯდომარემ, მსოფლიო ტენდენციაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ნელ-ნელა ხმოვანი მომსახურება ძალიან მცირდება და იაფდება, ვინაიდან ეს სრულად ინტერნეტში გადადის.

“Whatsapp, Viber უკვე მობილური კომუნიკაციების თანმდევი სერვისები გახდა, შესაბამისად, GSM-ის ხმოვანი მომსახურების მოცულობა მცირდება და მცირდება ფასებიც. ამიტომ მსოფლიოში დიდი გამოწვევების წინაშე არიან მობილური კომპანიები, იმისთვის, რომ შემოსავლები არ დაკარგონ, ისინი ყოველდღიურად ფიქრობენ, რა ახალი პროდუქტები შექმნან, რომ მომხმარებელი კმაყოფილი იყოს", - განაცხადა კახა ბექაურმა.