ფიქსირებული ქსელების აბონენტების ნაწილთან დარეკვა შესაძლოა, ფასიანი გახდეს - მცირე კომპანიები სპეციალურ განცხადებას ავრცელებენ

ფიქსირებული სატელეფონო კავშირგაბმულობის ბაზრის მცირე მოთამაშეები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. კომპანიები „მაგთისა" და „სილქნეტის" იმ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის შედეგადაც, მათ ქსელებში ულიმიტო პაკეტებით უფასოდ დარეკვა ვეღარ მოხდება. მათი შეფასებით, ეს გადაწყვეტილება მათდამი დისკრიმინაციულია და მათ ბიზნესებს გაქრობის წინაშე აყენებს. თუმცა კომპანიებში იმედს იტოვებენ, რომ ბაზრის მსხვილი მოთამაშეები მათ ხელთ არსებული ძალაუფლებას „ბოროტად არ გამოიყენებენ“.

„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ ორგანიზაციების განცხადებას:

„რამდენიმე დღის წინ „სილქნეტმა” და „მაგთიკომმა” ტარიფების გაძვირება და სატარიფო პოლიტიკის ცვლილება ერთობლივად დააანონსეს. გაძვირების გარდა, აღნიშნულ კომპანიებს შორის მიღწეული ოლიგოპოლიური გარიგების მიზანი მცირე და საშუალო ოპერატორების ბაზრიდან გაძევება იყო. მოსალოდნელი რადიკალური სატარიფო ცვლილება დახურვის რისკის წინაშე აყენებდა 30-მდე სატელეკომუნიკაციო კომპანიას, რაც დაახლოებით, 1000-მდე ადამიანის უმუშევრად დარჩენას გულისხმობს.

შერჩევითი დისკრიმინაციითა და კარტელური გადაწყვეტილებით, კომუნიკაციების ბაზარზე მოქმედი კომპანიებიდან, სამი მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე კომპანია ერთმანეთში ზარების განხორციელების განსხვავებულ პირობებზე შეთანხმდნენ. ხოლო დარჩენილ 30-მდე მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო კომპანიას კი, კაბალური პირობები დაუწესეს. საყურადღებოა, რომ დაანონსებული ცვლილებებით გაზრდილი ფასის მიუხედავად აბონენტებს ეზღუდებოდათ იმ ნომრებზე დარეკვა, რომლებიც „სილქნეტს“, „მაგთიკომსა“ და „ახალ ქსელებს“ არ ეკუთვნის.

მედიისა და საზოგადოების ყურადღება კი, ძირითადად ტარიფების ზრდაზე გამახვილდა, ხოლო ამ ცვლილებებით გამოწვეულ ზემოთ აღნიშნულ მნიშვნელოვან პრობლემას ნაკლები ყურადღება დაეთმო. ეს შეთანხმება ბიზნესის არსებობის წინააღმდეგ გამიზნული ქმედებაა. იგი, რეალურად, მიმართულია როგორც აბონენტების, ისე ბაზარზე მოქმედი სხვა ოპერატორების წინააღმდეგ და წარმოადგენს კარტელურ გარიგებას ბაზარზე მოთამაშე დიდ კომპანიებს შორის. აღნიშნული შეთანხმება კანონის უხეში დარღვევაა, რომელიც ცდება სამართლიან და კონკურენტულ ბიზნეს ეთიკას და დახურვის რისკის წინაშე აყენებს, ბაზარზე არსებულ ყველა სხვა მცირე და საშუალო ზომის სატელეკომუნიკაციო კომპანიას.

ბოლო წლებში მარეგულირებელი კომისიის მიერ გატარებულმა პოლიტიკამ ხელი შეუწყო კონკურენტუნარიანი გარემოს ჩამოყალიბებას. მან ბიძგი მისცა ბაზარზე მცირე და საშუალო კომპანიების განვითარებას და ტარიფებისა და საბაზრო წილის ათვისების კუთხით საკმაოდ ჯანსაღი გარემო შექმნა. აბსოლუტური ძალაუფლების მოპოვების მიზნით კი, დიდი კომპანიები არასამართლებრივი გზებით მუდმივად ცდილობდნენ საშუალო და მცირე პროვაიდერების შევიწროვებასა და ბაზრიდან გაძევებას. კომპანიების ეს განზრახვა არის მორიგი ზღვარგადასული მცდელობა ბაზრიდან გააძევონ სხვა მოთამაშეები და მთლიანად დაეპატრონონ ბაზარს.

მარეგულირებელი კომისიის პრინციპული პოზიციისა და ჩვენი პროტესტის ფონზე ერთ-ერთმა კომპანიამ ცვლილების დროებით შეჩერება დააანონსა. ველოდებით მეორე კომპანიის პოზიციასაც. თუმცა, სამწუხაროდ, დროებით შეჩერება არ ნიშნავს ბაზრის მთლიანად დაპატრონების ჩანაფიქრზე საბოლოოდ უარის თქმას.

მივმართავთ, საქარველოს პარლამენტის შესაბამის კომიტეტებს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სახალხო დამცველის აპარატს, კონკურენციის სააგენტოს, ბიზნეს ომბუდსმენსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს, დაინტერესდნენ ისინიც და პირად კონტროლზე აიყვანონ აღნიშნული საკითხი, მოსახლეობისა და ბიზნესის ინტერესების გათვალისწინებით.

იმედს ვიტოვებთ, რომ აღნიშნული საკითხის ჯეროვანი განხილვისა და შესწავლის შემდეგ კომპანიები საბოლოოდ უარს იტყვიან საკუთარ უკანონო, მონოპოლისტურ ჩანაფიქრზე და აღარ შეეცდებიან მცირე და საშუალო ზომის კომპანიების მიმართ ბოროტად გამოიყენონ მათ ხელთ არსებული ძალაუფლება.

ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს ეროვნული მარეგულირებელი კომისია, მყარად შეინარჩუნებს სამართლიანი კონკურენციის პრინციპების დაცვისა და მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინების პოზიციას, რომლის შედეგადაც ბაზარზე მოქმედ დიდ კომპანიებს აღარ უნდა გაუჩნდეთ მცირე და საშუალო კომპანიების ბაზრდიდან უკანონოდ განდევნისა და ოლიგოპოლიური გარიგების დადების სურვილი,"- აღნიშნულია ორგანიზაციების განცხადებაში.