რუსეთი საექსპორტო პროდუქციის ჩამონათვალს ზრდის

რუსეთი საექსპორტო პროდუქციის ჩამონათვალს ზრდის.

ამის შესახებ ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

"საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ყველა ის გადაწყვეტილება, რომელიც გაზრდის ქვეყნის საექსპორტო პოტენციალსა და შესაძლებლობებს. ამ მხრივ, მხოლოდ დადებითად შეიძლება შეფასდეს "როსსელხოზნადზორის" გადაწყვეტილება, გაზარდოს საქართველოდან რუსეთის ფედერაციაში დაშვებული მცენარეული წარმოშობის პროდუქციის ნუსხა", - აცხადებენ სამინისტროში.

უწყების ინფორმაციით, "როსსელხოზნადზორის" უფროსის მოადგილე ალექსანდრ საურინი წერილში მადლობას უხდის ქართულ მხარეს რუსი სპეციალისტების საქართველოში ვიზიტისას ერთობლივად განხორციელებული ფიტოსანიტარიული კონტროლისთვის და აცნობებს, რომ "როსსელხოზნადზორი" თანახმაა, მხოლოდ სურსათის ეროვნული სააგენტოს პასუხისმგებლობით, 2014 წლის 9 ივლისიდან რუსეთის ფედერაციაში დაუშვას ხახვის, სტაფილოს, ჭარხლის, წიწაკის, წითელი ტკბილი წიწაკის, საზამთროსა და ნესვის ექსპორტი.

”როსსელხოზნადზორის" წარმომადგენლები საქართველოს მიმდინარე წლის ივნისში სტუმრობდნენ. მათ სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებთან ერთად ჩაატარეს საექსპორტო პარტიების ფიტოსანიტარიული კონტროლი და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში საექსპორტო ტვირთების ფორმირების პროცესს გაეცნენ. შესაბამისი გადაწყვეტილება რუსეთის ვეტერინარული და ფიტოსანიტარიული კონტროლის ფედერალურმა სამსახურმა სწორედ ამ ვიზიტის შემდეგ მიიღო.

გასული წლის 28 ივნისიდან, 8-წლიანი პაუზის შემდეგ რუსეთში დაბალი რისკის შემცველი პროდუქცია (ჩაი, დაფნა, ჩირი და სხვა.) შევიდა. მოგვიანებით, 2013 წლის 14 ოქტომბრიდან რუსეთში ქართული თხილის, ციტრუსის, ყურძნის, ვაშლის, მსხლისა და კომშის შეტანა გახდა შესაძლებელი.

2014 წლის 26 მაისიდან საექსპორტო პროდუქციის ჩამონათვალს მაღალი ფიტოსანიტარიული რისკის მქონე მცენარეული წარმოშობის ქართული პროდუქტი – ახალი კარტოფილი (გარეცხილი, სამომხმარებლო შეფუთვით), პომიდორი, კიტრი, კომბოსტო, ბადრიჯანი, ბალი, ალუბალი, გარგარი, ატამი, ქლიავი, ხურმა, კივი და კენკროვნები დაემატა; 9 ივლისიდან კი ქართველ ფერმერებს შესაძლებლობა აქვთ, რუსეთის ფედერაციაში ხახვი, სტაფილო, ჭარხალი, წიწაკა, წითელი ტკბილი წიწაკა, საზამთრო და ნესვი გაიტანონ.

სულ საქართველოდან სხვადასხვა ქვეყნებში 3 ათას ტონამდე კურკოვანი ხილის ექსპორტი განხორციელდა.