2018 წელს ქართული თხილის ექსპორტი, 2017 წელთან შედარებით, 30,5%-ით შემცირდა. შედეგად, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, პირველად მოხდა, რომ თხილი საქართველოს საექსპორტო პროდუქციის ათეულში ვერ მოხვდა.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2018 წელს თხილის ექსპორტიდან შემოსულმა თანხამ 57 მლნ 665,5 ათასი დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი საექსპორტო პროდუქციიდან შემოსული თანხის 1,7%-ს შეადგენს. შედარებისთვის, ნედლი ან ნახევრად მზა ოქროს ექსპორტიდან შემოსულმა თანხამ, მთლიანი საექსპორტო პროდუქციიდან მიღებული თანხის 2, 1% შეადგინა.
„საქართველოს თხილის გადამამუშავებელთა და ექსპორტიორთა ასოციაციის“ აღმასრულებელი დირექტორი ლევან ქარდავა აღნიშნულ ვარდნას, პროდუქციის დაბალ ხარისხს უკავშირებს. როგორც მან East Fruit-თან საუბრისას აღნიშნა, ეს განპირობებული იყო სოკოვანი დაავადებებითა და ფაროსანას ფაქტორით.
„გასულ წელს ფაროსანასთან ბრძოლის კამპანიის ფარგლებში, მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა, თუმცა პრობლემა კვლავ აქტუალურია. რაც შეეხება სოკოვან დაავადებებს, ეს ძირითადად არასაკმარისი მოვლის შედეგია, რაც დაკავშირებულ იყო, როგორც მოსავლის მოყვანის, ისე მისი შენახვის პროცესში გამოვლენილ ხარვეზებთან“,- განაცხადა ლევან ქარდავამ.
რაც შეეხება საფასო პოლიტაკას, ქარდავას თქმით, ამ სეზონზე ქართული თხილის ღირებულებაზე გავლენა კონკურენტი თურქული თხილის მარაგმაც იქონია.