„კანტასის“ მომხმარებლებს რეისებისას ვარჯიში და გართობა სურთ

ავსტრალიური ავიაგადამყვანი „კანტასი“ სიდნეიდან ლონდონამდე რეისების შესრულებას გეგმავს, რომელთა ხანგრძლივობაც 20 საათი იქნება. როგორც კომპანიის მიერ, მომხმარებლებს შორის ჩატარებული გამოკითხვა აჩვენებს, მათთვის მნიშვნელოვანია, რომ შორეული მგზავრობისას, სავარჯიშო პედლებით, ვირტუალური გასართობით და კაფეთი სარგებლობის საშუალება ჰქონდეთ.

„კანტასი“ მალე „ეარბასს“, ან „ბოინგს“ შორსმფრენ ლაინერებს (შესაბამისად, A350 და 777X) შეუკვეთავს და კომპანიას სურს, რომ შეკვეთილი თვითმფრინავები, იმ სისტემებით იყოს ეკიპირებული, რომლებიც შორეული მგზავრობისას დაღლას შეამსუბუქებს. „კანტასი“ სიდნეი-ლონდონის რეისის დაწყებას 2022 წელს გეგმავს.

გამოკითხვა კომპანიის იმ მომხმრებლებს შორის ჩატარდა, რომლებიც პერტი-ლონდონის 17-საათიანი რეისით სარგებლობდნენ. როგორც ირკვევა, ამ გადაფრენისას მათი მთავარი საზრუნავი ჯანმრთელობა და კომფორტია. მათ სურთ, რომ თვითმფრინავში იყოს ადგილი მსუბუქი ვარჯიშისთვის, სავარძლები კი ეკიპირებული იყოს ყურსასმენებით, რომლებიც კარგად ახშობს გარე ხმაურს. მათ ასევე სურთ, რომ მგზავრობისას კაფე ემსახურებოდეს, რომელიც ყავის და ალკოჰოლური სასმელის გარდა, დანაყრების საშუალებასაც მისცემს.

„კანტასმა“ პერტიდან ლონდონამდე რეისების შესრულება შარშან დაიწყო. კომპანია რეისების მგზავრებს რეისების დაწყებამდე და დასრულების შემდეგ, 15-წუთიან სავარჯიშოებს სთავაზობს, რომლებისთვისაც აეროპორტებში სპეციალური ოთახები აქვს მოწყობილი. სპეციალურად არის შერჩეული განათება და საკვები.

საინტერესოა, რომ შორეული რეისების მგზავრთა მომსახურების გასაუმჯობესებლად, „კანტასის“ კონკურენტ „სინგაპორ ეარლაინზს“ დაქირავებული ჰყავს კომპანია „კენიონ რენჩი“, რომელსაც სინგაპური-ნიუ იორკის 19-საათიანი რეისების სპეციალური საკვებით და სამასაჟო საშუალებებით უზრუნველყოფა ევალება. მაგრამ ჯერ არ ყოფილა შემთხვევა, რომ კომპანიას მგზავრებისთვის ცალკე გამოყოფილი კაბინა შეეთავაზებინოს, სადაც ისინი მსუბუქი ვარჯიშების შესრულებას შეძლებენ.