საქართველოში ექთნებს მაღალი დატვირთვისა და დაბალი ხელფასების პირობებში უწევთ მუშაობა. ამის შესახებ ინფორმაციას სოლიდარობის ქსელი-მშრომელთა ცენტრი ავრცელებს.
მათივე ცნობით, საქართველოში დასაქმებული ექთნების შრომის პირობების შესახებ, კვლევა ჩაატარეს რომელმაც მედიცინის სფეროში მიმდინარე კრიზისი აჩვენა.
კვლევის თანახმად, თუ საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით ერთ ექთანზე საშუალოდ 4 პაციენტი გამოიყოფა (გააჩნია საავადმყოფოს განყოფილებას), საქართველოში ერთ ექთანს 16-24 საათიანი მორიგეობისას საშუალოდ 11 და მეტი პაციენტის მოვლა უწევს. რაც შეეხება ანაზღაურებას, ცენტრის ცნობით, ექთნების ხელფასი საქართველოში 300-500 ლარამდე მერყეობს. დაბალი ხელფასები და მუდმივ ზეგანაკვეთურ რეჟიმში მუშაობა კი ძირითადად მეორე სამსახურის ქონის საჭიროებას მოითხოვს.
პაციენტების უკმაყოფილება ხშირად სწორედ ექთნებზე გადადის ხოლმე, თუმცა მაშინ როდესაც კლინიკების 90%-ზე მეტი კერძოა და მოგებაზე ორიენტირებული, ექთანს საავადმყოფოში არსებულ სიტუაციაზე პასუხისმგებლობის აღება არ შეუძლია.
საქართველოში ექთნების დეფიციტზე და ამ მხრივ არსებულ მძიმე შრომით პირობებზე წლებია სფეროს სპეციალისტები საუბრობენ. ჯანდაცვის პოლიტიკის სპეციალისტის სერგო ჩიხლაძის თქმით, ქვეყანაში ერთ ექიმზე 0.7 ექთანი მოდის. მაშინ, როცა საშუალო ევროპული მაჩვენებელი 3-ზე მაღალია. რაც შეეხება სტატისტიკას, ერთ წელიწადში საქართველოში ექიმების რაოდენობა 810-ით, ექთნების კი მხოლოდ 414-ით გაიზარდა. კერძოდ, „საქსტატის“ ცნობით, 2017 წელს საქართველოში დასაქმებული იყო 17 507 ექთანი, მაშინ როცა 2016 წელს ქვეყანაში ეს მაჩვენებელი 17 093 იყო. რაც შეეხება ექიმებს, აქ საერთო მაჩვენებელიც მაღალია და ერთწლიან ინტერვალში ზრდაც - დიდი. კერძოდ, 2017 წელს საქართველოში დასაქმებული იყო 27 362 ექიმი, 2016 წელს კი 26 552.