აშშ-მა ვენესუელას ახალი სანქციები დაუწესა. კერძოდ, შემზღუდავი ზომები ვრცელდება სახელმწიფო ნავთობისა და გაზის კომპანია PDVSA-ზე. დაწესებული სანქციების ფარგლებში ოფიციალური ვაშინგტონი დაბლოკავს კორპორაციის 7 მილიარდი დოლარის ოდენობის აქტივებს.
აშშ-ს ხაზინის დეპარტამენტის ხელმძღვანელის სტივენ მნჩინის განცხადებით, ვენესუელური ნავთობის შესყიდვას მყიდველის ანგარიშების დაბლოკვა შეიძლება მოყვეს.
მისივე თქმით, კომპანია PDVSA-ს აქტივების დაბლოკვით აშშ-ს „ამ კომპანიის ვენესუელელი ხალხისთვის შენარჩუნება სურს“.
აღნიშნულ სანქციებს ვენესუელას ე.წ. პრეზიდენტი ნიკოლას მადურო გამოეხმაურა. მან ამ სანქციების დაწესებას დანაშაულებრივი ქმედება უწოდა.
მისივე თქმით, ვენესუელას ხელისუფლება საერთაშორისო და ამერიკულ სასამართლოებს მიმართავს, რათა კომპანიის აქტივები დაიცვას.