„რეზონანსი" - თუკი მერია შენობას ექსპლუატაციაში არ მიიღებს, იქ ხალხი ვეღარ შესახლდება

დედაქალაქში ახალაშენებული კორპუსებისათვის სამშენებლო და მენაშენეთა შესახლების წესი გამკაცრდება.

დედაქალაქში ახალი საცხოვრებელი სახლების 47% ექსპლუატაციაში მიღებული საერთოდ არ არის, ხალხი კი მათში, წლებია ცხოვრობს. როგორც გაზეთი „რეზონანსი" წერს, სწორედ ამიტომ მუნიციპალიტეტი მუშაობს კანონზე, რომლის თანახმად, შენობის ექსპლუატაციაში მიღებამდე მოსახლეობის შესახლება აიკრძალება. ცვლილებას ბიზნესის შემაფერხებლად მიიჩნევენ დეველოპერები.

თბილისის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიერ „ბიზნესპრესნიუსისთვის" მიწოდებული ინფორმაციით, აშენებული საცხოვრებელი სახლების 47% ექსპლუატაციაში მიღებული არ არის. 2018 წელს მერიაში საცხოვრებელი სახლების ექსპლუატაციაში მიღებაზე 1 374 განაცხადი შევიდა, საიდანაც ზედამხედველობის სამსახურმა 47%, ანუ 652 ობიექტი დაიწუნა და ექსპლუატაციაში მხოლოდ 722 ობიექტი მიიღეს.

უარის თქმის მიზეზი სხვადასხვაა და მოიცავს კოლონების ადგილმდებარეობისა და კედლების ფორმების ცვლილებას, კიბეების სიგანეში შემცირებას, ასევე, პროექტთან სხვა შეუსაბამობას. აღსანიშნავია, რომ გაზის, წყლისა და დენის დამონტაჟება მერიის მოვალეობაში არ შედის და პროცესზე პასუხისმგებლობა იმ კომპანიას ეკისრება, ვინც შენობას აშენებს. თუმცა მერია, როგორც ჩანს, ახალი რეგულაციის ამოქმედებას გეგმავს.

დედაქალაქის ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძე აცხადებს, რომ საუბარია ძველი რეგულაციის დაბრუნებაზე, რომლის თანახმადაც, ექსპლუატაციაში მიუღებელ შენობაში მოსახლეობის შესახლება შეიზღუდება, ბუნებრივი აირის გაჟონვის დეტექტორების დამონტაჟება კი სავალდებულო გახდება.

„ვმსჯელობთ იმაზე, რომ დავაბრუნოთ რეგულაცია, რომელიც ითვალისწინებს ექსპლუატაციაში მიღებამდე კორპუსში მოსახლეობის შესახლების შეზღუდვას. ასევე, ექსპლუატაციაში მიღებას გაზისა და ელექტროსისტემის გაყვანა და გამართულობაც უნდა მიებას.

საუბარი იყო იმაზე, რომ ბუნებრივი აირის გაჟონვის დეტექტორები სავალდებულო გახდეს ახალ ობიექტებზე, ძველებზე პირველ ეტაპზე მაინც დაიწყოს სერვისპაკეტების შეთავაზება და მომხმარებელმა თავისი ინიციატივით მოითხოვოს ამ სისტემის მონტაჟი სახლში, ხოლო კომპანიებმა შეძლონ ამ მომსახურების მიწოდება.

გარდა ამისა, საუბარი იყო აკრედიტებული ორგანოების შექმნაზე იმისთვის, რომ სახლში გაზის სისტემა შეამოწმონ კვალიფიციურმა კომპანიებმა და ამით უსაფრთხოების გარკვეულ სტანდარტს მივაღწიოთ", - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ ჟურნალისტებთან.

დეველოპერული კომპანია „ჯიდიჯი პლუსის" დამფუძნებელი ბეჟან წაქაძე აცხადებს, რომ ეს რეგულაცია შეაფერხებს ბინების რეალიზაციას და დეველოპერებს მნიშვნელოვნად დააზარალებს.

„როდესაც ბინის რეალიზაცია ხდება, ის უკვე გადადის საკუთრებაში და ჩვენ უნდა ჩავუწეროთ ადამიანს ხელშეკრულებაში, რომ მას არ აქვს უფლება, მის საკუთრებაში შევიდეს მანამ, სანამ არ მოხდება კორპუსის ექსპლუატაციაში მიღება? პირს ნაყიდი აქვს ბინა, რომ შევიდეს და ამ დროს რა ხდება?", - ამბობს წაქაძე.

ექსპლუატაციაში მიღებამდე კორპუსში მოსახლეობის შესახლების შეზღუდვასთან დაკავშირებით კითხვები დეველოპერული კომპანია „არსის" აღმასრულებელ დირექტორ თორნიკე აბულაძესაც აქვს. მისი აზრით, რეგულაცია მნიშვნელოვან პრობლემას ვერ გადაჭრის, თუმცა დეველოპერებს პრობლემას შეუქმნის.

„პრობლემას ვხედავ იმაში, თუ როგორ მოხდება ადმინისტრირება, ვის აუკრძალავენ? დეველოპერს, რომ მფლობელი ობიექტში შევიდეს, თუ მოსახლეს, რომ შესახლდეს? მე საკუთრება გადავეცი, მიუხედავად იმისა, არის თუ არა ექსპლუატაციაში მიღებული თუ მოსახლე შევიდა, იქ ცხოვრობს და დააჯარიმებენ, მგონია, რომ მაგათი საქმეა და ამის ადმინისტრირებას ვერ მოახერხებენ. თუ მე უნდა დამაჯარიმონ, რატომ შევუშვი მოსახლე, ცხადია, ამაში დიდ პრობლემას ვხედავ.

სიმართლე გითხრათ, ამ რეგულაციაში დიდი აზრი არ დევს, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც, მერიის ინფორმაციით, ჩვენ გვაქვს 170 დაუმთავრებელი მშენებლობა. იმ ადამიანებს, რომლებიც წლები ელოდებოდნენ სახლის აშენებას, როგორ აუკრძალავენ შესახლებას, ჩემთვის წარმოუდგენელია", - აცხადებს თორნიკე აბულაძე „კომერსანტთან".

რეგულაცია რომ აუცილებელია, ეჭვი არ ეპარება მშენებელთა ლიგის თავმჯდომარეს, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორ ანზორ საკანდელიძეს.

„არათუ ევროპის დასავლეთ ნაწილში, პოსტსაბჭოთა ვერც ერთ ქვეყანას ვერ დამისახელებენ, სადაც ექსპლუატაციაში მიუღებელი შენობა საცხოვრებლად გამოიყენება. იქაც არსებობს ბიზნესი და ბიზნესინტერესები, მაგრამ ეს მოსახლეობის უსაფრთხოების ხარჯზე არ ხდება. მივესალმები რეგულაციის შემუშავებას, რომელიც დაგვიანებულია, მაგრამ გადაუდებლად ასამოქმედებელი.

ახლა მთავარია, ვინ მოახდენს ადმინისტრირებას და კონტროლს იმ პირობებში, როცა არსებობს სამშენებლო კომპანია, რომელმაც თბილისის ცენტრალურ ნაწილში კორპუსები ისე ააშენა, რომ ნებართვაც კი არ ჰქონდა. რა თქმა უნდა, რეგულატორთან დაკავშირებით ჩნდება კითხვა. აუცილებელია კანონის მიღება, რომელიც გააკონტროლებს არსებულ ქაოსს, მაგრამ, მეორე მხრივ, ვის ექნება შესაბამისი კვალიფიკაცია, როცა შესაბამისი უწყება არ გვაქვს", - განაცხადა „ბიზნეს-რეზონანსთან" საკანდელიძემ.

თამარ მუკბანიანი

გაზეთი „რეზონანსი"