საბანკო რეგულაციებმა სესხების ნაწილი „გააჩერა“ - რა ტიპის კრედიტი აღარ გაიცემა

2019 წლის 1-ლი იანვრიდან საფინანსო სექტორში ამოქმედებულმა რეგულაციებმა საბანკო სექტორი გარკვეული სირთულეების წინაშე უკვე დააყენა.

ამის შესახებ, ბანკების ასოციაციის თავმჯდომარე ალექსანდრე ძნელაძემ რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა.

მისივე თქმით, საკმაოდ შემცირებულია, შეიძლება ითქვას განახევრებულია, სესხის დამტკიცების კოეფიციენტი იმ პროდუქტებზე, რომელიც არ გაჩერებულა.

„ფიზიკური პირების სესხებში არის პროდუქტები, რომლებიც მთლიანად გაჩერდა და აღარ მუშაობს. საუბარია ყველა იმ პროდუქტზე, რომელიც სხვადასხვა მოდელით სწრაფი პროდუქტის შეთავაზებას გულისხმობდა და თავის თავში შემოსავლის დეტალურ შესწავლას და ამის საფუძველზე სესხის გაცემას არ მოიცავდა.

მათ შორის მოხვდა ნებისმიერი დისტანციური პროდუქტი. მაგალითად თუ თქვენ ხართ ბანკის კლიენტი, გაქვთ იპოთეკური სესხი და მოკლე პერიოდში დამატებითი თანხა, მაგალითად საკრედიტო ბარათი დაგჭირდათ, მოგიწევთ მიხვიდეთ საკრედიტო მენეჯერთან, თქვენ შემოსავლების შესახებ სრულად განაახლოთ ინფორმაცია და მხოლოდ ამის შემდეგ შეძლებთ დამატებითი სესხის მიღებას. ანუ პრაქტიკულად სწრაფი, სწრაფად მიღებადი პროდუქტი აღარ არსებობს.

მეორე საკითხია ასევე ისეთი იპოთეკური სესხები, რომელთა შემთხვევაშიც დეველოპერების გარკვეული თანამონაწილეობისას, პირველადი შენატანის დროს, თქვენ შესაძლებლობა გქონდათ ბინის შესაძენად სესხით გესარგებლათ. დღეს კი პრინციპში აღნიშნული პროდუქტი აღარ არსებობს. ისევ მივდივართ იქამდე, რომ უნდა შევისწავლოთ შემოსავლები,“- აღნიშნა ძნელაძემ.

შეგახსენებთ, რომ 2019 წლის 1-ლი იანვრიდან ამოქმედდა საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) დებულება „ფიზიკური პირის დაკრედიტების შესახებ“, რომლითაც სესხის გამცემ ყველა ორგანიზაციას ევალება, შეაფასოს მსესხებლის გადახდისუნარიანობა და არ გასცეს ფიზიკურ პირზე იმაზე მეტი სესხი ან დააკისროს სხვა ვალდებულება, მაგალითად, თავდებობა, ვიდრე მას გადახდის რეალური შესაძლებლობა აქვს. გათვალისწინებულია გამონაკლისებიც. მაგალითად, სალომბარდო სესხების დროს შემოსავლების შეფასება აუცილებელი არ არის და ფიზიკური პირის ვალდებულება მხოლოდ გირაოს საგნით შემოიფარგლება.

თაია არდოტელი