ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია მონაწილეობდა კონფერენციაში „საქართველო და მსოფლიო 2019 წელს“ და გლობალურ ეკონომიკაში საქართველოს ინტეგრაციის პერსპექტივებზე მოხსენება გააკეთა.
როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან იუწყებიან, კონფერენცია თბილისის ტექნოპარკში ბრიტანული ჟურნალის „ეკონომისტის“ წლიური გამოცემის „მსოფლიო 2019“ ეგიდითა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაფინანსებით მიმდინარეობს. კონფერენცია 29 იანვარს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ოფიციალურად გახსნა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ აუდიტორიას საქართველოს ეკონომიკური ზრდის სტრატეგიის ძირითადი მიზნები და გამოწვევები წარუდგინა. მათ შორის, მინისტრმა ყურადღება გაამახვილა სამუშაო ადგილების შექმნაზე, ეკონომიკური ზრდის ინკლუზიურობაზე, სიღარიბის დაძლევაზე, ასევე ვაჭრობადი საექსპორტო პოტენციალის განვითარებასა და ინოვაციებსა და ტექნოლოგიებზე დამყარებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის აუცილებლობაზე.
გიორგი ქობულიამ საქართველოსთვის განსაკუთრებულ შესაძლებლობად გამოყო თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების არსებობა, რომელიც ქვეყანას აქვს მსოფლიოს ისეთ დიდ ბაზრებთან, როგორიცაა ევროკავშირი, ჩინეთი, დსთ და სხვა. ამასთან, მისი თქმით, მიმდინარეობს მოლაპარაკებები თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებათა გაფორმების მიმართულებით ისეთ სტრატეგიულ სავაჭრო პარტნიორებთან, როგორიცაა გაერთიანებული სამეფო, ისრაელი, ინდოეთი, ყურის ქვეყნები, იაპონია და აშშ.
მინისტრის პრეზენტაციის დიდი ნაწილი დაეთმო სატრანსპორტო-ლოგისტიკური სისტემების განვითარებას და საქართველოზე გამავალი სატრანსპორტო დერეფნების საერთაშორისო აღიარებას. მან ასევე ყურადღება გაამახვილა მნიშვნელოვან რეფორმებზე საზღვაო პოტენციალის ათვისების, სარკინიგზო ტრანსპორტის განვითარებისა და ადგილობრივ სამოქალაქო ავიაციაში საერთაშორისო სტანდარტების დამკვიდრების მიმართულებით.
30 იანვარს კონფერენცია „საქართველო და მსოფლიო 2019“ გაგრძელდება“.