„ანაკლიის პორტი ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია და ინვესტორთან ერთად ვცდილობთ უზრუნველვყოთ მისი წარმატება"

ანაკლიის პორტის აშენება და განვითარება, პირველ რიგში, სახელმწიფოს ინტერესია, - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ანაკლიის პორტი ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია, რომლის მშენებლობის გადაწყვეტილება სახელმწიფომ მიიღო.

„პორტის მშენებლობის გადაწყვეტილება სახელმწიფომ მიიღო, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი და ერთობლივად ვცდილობთ უზრუნველვყოთ მისი წარმატება. ამ ეტაპზე, კიდევ ერთხელ დავეხმარეთ ინვესტორს და გადავავადეთ ის დრო, რაც დაწესებული იყო ფინანსური ხელშეკრულებების უზრუნველყოფისთვის. კონკრეტული პირობების შეთანხმებას საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან იმაზე მეტი დრო დასჭირდა, ვიდრე თავდაპირველად იყო განსაზღვრული“, - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის თქმით, რაც შეეხება სახელმწიფოს ვალდებულებას შესაბამისი ინფრასტრუქტურის აშენების და პორტამდე მიყვანის ნაწილში, ყველა სამუშაო აუცილებლად შესრულდება.

„სამწუხაროდ, ჩავარდა გზის პროექტირების ტენდერი, თუმცა მალე გამოვაცხადებთ კონკურსს უფრო მოქნილი პირობებით. მინდა დაგარწმუნოთ, რომ ინვესტორთან ერთად სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ანაკლიის პორტის უმნიშვნელოვანესი პროექტი მთლიანობაში წარმატებით განხორციელდეს“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.