თურქეთის სამრეწველო სექტორი, რომელმაც კრიზისის შედეგად ყველაზე მეტად იზარალა, კლებას განაგრძობს. ეს კი სამომავლოდ ქვეყნის ეკონომიკის გაუარესებას მოასწავებს.
სტამბოლის სამრეწველო პალატისა და თურქეთის სტატისტისკის სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, მნიშვნელოვნად შენელდა საავტომობილო მრეწველობა, საყოფაცხოვრებო ტექნიკის და ელექტრონიკის წარმოება. ამის მთავარი მიზეზი კი შიდა მოთხოვნის შემცირება და ლირას დევალვაციის შემდეგ ფასების მატებაა.
მცირდება სამშენებლო სექტორი, რომელიც პირველი შევიდა კრიზისში და გავრცელდა ისეთ ქვესექტორებზე როგორებიცაა სამშენებლო კერამიკა, ბეტონის წარმოება, შავი მეტალურგია. მიუხედავად იმისა, რომ ლირას გაუფასურებამ გარკვეული ბიძგი მისცა ექსპორტს, მისი დადებითი ეფექტი მრეწველობაზე შეზღუდული აღმოჩნდა.
ამასთან, ცალკეული მიმართულებები „ტივტივებენ“ ხელისუფლების მხრიდან შემოღებული შეღავათიანი დროებითი საგადასახადო სისტემის შედეგად. თუმცა როგორც კი ეს მასტიმულირებელი ზომები გაუქმდება, ეს სექტორები კიდევ უფრო სერიოზულ პრობლემებს წააწყდებიან.
თურქეთის ეკონომიკაში რეცესია გასული წლის მესამე კვარტალში გახდა თვალშისაცემი, ის კრიზისში გადაიზარდა: ეკონომიკური ზრდის ტემპი 1,6%-მდე შემცირდა.
თურქეთის მშპ-ს მეოთხე კვარტლის ოფიციალური მონაცემები 11 მარტისთვის უნდა გამოქვეყნდეს. თუმცა მანამდე ექსპერტების პროგნოზით, ის 5%-ით შემცირდება. შედეგად კი წლიური ზრდა იქნება დაახლოებით 2%, რაც გაცილებით ნაკლებია ჯერ კიდევ სექტემბერში პროგნოზირებულ 3,8%-იან ზრდაზე.
თურქეთისთვის 2%-იანი ზრდა არის მნიშვნელოვანი შემცირება, მაშინ როცა 2017 წელს მშპ 7,4%-ით გაეზარდათ. როგორც მოსალოდნელია, კრიზისული სიტუაცია 2019 წელსაც შენარჩუნდება.