ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ინფორმაციით, საქართველოს ნავსადგურებში „ერთი ფანჯრის პრინციპი“ დაინერგება. გიორგი ქობულიამ კონფერენციაზე „საქართველო და მსოფლიო 2019 წელს“ საქართველოს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარების მთავარ პრიორიტეტებზე ისაუბრა.
გიორგი ქობულიას განცხადებით, ეკონომიკის სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ორგანიზებით, მომდევნო ორი წლის განმავლობაში, „ერთი ფანჯრის პრინციპით“ გაერთიანდება სახელმწიფო და საზღვაო სფეროში მოქმედი კერძო სექტორის წარმომადგენლები და შესაბამისი მომსახურების მიღება ერთ სივრცეში იქნება შესაძლებელი. მინისტრის განმარტებით, ამ გადაწყვეტილებით მნიშვნელოვნად გამარტივდება მომსახურების მიღება სხვადასხვა სექტორისა და ორგანიზაციისაგან, ხოლო კერძო სექტორის მომსახურება გაუთანაბრდება საერთაშორისო სტანდარტს და მსოფლიო საზღვაო ინდუსტრიის მოთხოვნებს.