"შავ ზღვაზე საბორნე და ფიდერული გადაზიდვების განვითარებას დავიწყებთ"

საქართველოს არხების კონკურენტუნარიანობის გაზრდის მიზნით, მიმდინარე წლიდან შავ ზღვაზე საბორნე და ფიდერული გადაზიდვების განვითარებას დავიწყებთ, - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ კონფერენციაზე „საქართველო და მსოფლიო 2019 წელს“ ისაუბრა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს, აღნიშნული კონფერენცია ბრიტანული ჟურნალის THE ECONOMIST-ის წლიური გამოცემის „მსოფლიო 2019“- ის ეგიდით იმართება.

გიორგი ქობულიას ინფორმაციით, საქართველოს საზღვაო-სატრანზიტო პოტენციალის ათვისების მიზნით არაერთი ღონისძიებაა დაგეგმილი, მათ შორის სანავსადგურო ინფრასტრუქტურის განვითარება, რაც სხვა გეგმებთან ერთად ანაკლიის ახალი პორტის გარდა ფოთისა და ბათუმის ნავსადგურების გაფართოება-განვითარებას მოიცავს.

„ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, რომელსაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო მომავალ საქმიანობაში განსაკუთრებულ პრიორიტეტს ანიჭებს, საქართველოს, როგორც საზღვაო ქვეყნის იმიჯის ამაღლება და მის ფარგლებში საზღვაო პოტენციალის სრულად ათვისებაა“, - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

გიორგი ქობულიას განცხადებით, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა საზღვაო აკადემიის განვითარებას, ქართველ მეზღვაურთა დასაქმების ხელშეწყობას და საზღვაო განათლების დახვეწას.

ამასთან, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, რომელიც, მინისტრის შეფასებით, მნიშვნელოვან მხარდაჭერას საჭიროებს, არის საქართველოს საფინანსო ინსტიტუტებში საზღვაო ფინანსირების მოდელის დანერგვა და საზღვაო დაზღვევა, ასევე საშეღავათო საგადასახადო სისტემის შექმნა საზღვაო ინვესტიციების მოსაზიდად.