შეერთებული შტატების კონგრესის ანალიტიკოსთა გათვლებით, მთავრობის ნაწილობრივი დროებითი დახურვა ქვეყნის ეკონომიკას ჯამში დაახლოებით 3 მილიარდ დოლარს დააკლებს.
მთავრობის ნაწილობრივი შათდაუნი 35 დღე გრძელდებოდა. ამ დროის განმავლობაში, სამთავრობო სტრუქტურებში მომუშავე 800 ათასი თანამშრომელი დროებით იყო დათხოვილი. ამ ყველაფრის გამო, ქვეყნის 2019 წლის მთლიან შიდა პროდუქტს 0.02 პროცენტი დააკლდება.
ხუთკვირიანი იძულებითი უმოქმედობის გამო, აშშ-ის ეკონომიკამ სულ 11 მილიარდი დოლარი დაკარგა, თუმცა ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ 8 მილიარდის კომპენსირება მოხერხდება.
შეერთებული შტატების ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი შათდაუნი მას შემდეგ დასრულდა, რაც პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და კონგრესმა ბიუჯეტთან დაკავშირებით, დროებით შეთანხმებას მიაღწიეს.
როგორც ცნობილია, ტრამპი მოითხოვს, რომ ბიუჯეტში გათვალისწინებული იყოს მექსიკასთან საზღვრის პერიმეტრზე კედლის მშენებლობისთვის საჭირო 5.7 მილიარდი დოლარი. ის თვლის, რომ კედლის დახმარებით, მიგრაციასთან, ადამიანებით ვაჭრობასთან და ნარკოტიკების კონტრაბანდასთან ბრძოლის ეფექტურობა გაიზრდება. დემოკრატები კი ფიქრობენ, რომ სასაზღვრო კედელი ბევრს ვერაფერს შეცვლის.