ვენესუელასა და აშშ -ს შორის უეცრად დაძაბულმა ურთიერთობამ შესაძლოა, ნავთობის ბაზარზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონიოს.
გასულ კვირას ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ მხარს უჭერს და პრეზიდენტად აღიარებს ვენესუელას ეროვნული ასამბლეის ლიდერს და ოპოზიციონერს ხუან გუიდოს, რომელმაც მანამდე საკუთარი თავი ვენესუელას პრეზიდენტად გამოაცხადა. ქვეყნის ოფიციალურმა პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ კი აშშ-ის გადაწყვეტილებიდან რამდენიმე საათში ვაშინგტონთან დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტა. ამ ყველაფერს ისიც დაემატა, რომ მიმდინარე კვირის დასაწყისში, ტრამპის ადმინისტრაციამ ვენესუელას ახალი სანქციები დაუწესა. კერძოდ, შემზღუდავი ზომები ვრცელდება სახელმწიფო ნავთობისა და გაზის კომპანია PDVSA-ზე. დაწესებული სანქციების ფარგლებში ოფიციალური ვაშინგტონი დაბლოკავს კორპორაციის 7 მილიარდი დოლარის ოდენობის აქტივებს.
აშშ-ს ხაზინის დეპარტამენტის ხელმძღვანელის სტივენ მნჩინის განცხადებით, ვენესუელური ნავთობის შესყიდვას მყიდველის ანგარიშების დაბლოკვა შეიძლება მოყვეს.
აღნიშნულმა ქმედებამ შესაძლოა გავლენა იქონიოს ნავთობის საერთაშორისო ბაზარზე და გაართულოს ურთიერთობები ოპეკსა და აშშ-ს შორის.
„თუ ტრამპის ადმინისტრაცია ნამდვილად დააწესებს ენერგოსანქციებს, ეს პირდაპირ აისახება ნავთობის ფასზე“, - აცხადებდა ჰელიმა კროფტი, RBC – ს სტრატეგიების გლობალური ხელმძღვანელი, ვიდრე ვაშინგტონი ამის შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებდა.
სანქციების დაწესებამ შესაძლოა ასევე უარყოფითი გავლენა მოახდინოს ნავთობის ნედლეულის გლობალურ მიწოდებზე. ამას ისიც ემატება, რომ გასული წლის ნოემბერში ტრამპის ადმინისტრაციამ სანქციები ირანზე განაახლა, რომელიც ამ ნედლეულის მნიშვნელოვანი წყაროა. ამ ორი ქვეყნის ჩანაცვლება ნავთობის ბაზარზე არც ისე ადვილია.
„საინტერესოა, რამდენად შორს წავა ვაშინგტონი და გაყინავს თუ არა ვენესუელას ხელმძღვანელი პირების ქონებას,“- აღნიშნა რიზა გრეს ტარგოუმ, რომელიც ლათინური ამერიკის რისკების საკონსულტაციო ფირმის დირექტორია.
ამ დაძაბულობას პოტენციური გავლენის მოხდენა შეუძლია ოპეკზე. ვენესუელა წელს ჯგუფის პრეზიდენტია, რაც იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფო ნავთობის მინისტრი და PDVSA - ის პრეზიდენტი, მანუელ კევედო, ოპეკის 2019 წლის პრეზიდენტიცაა. ამასთან, კევედო უფროსი გენერალია ვენესუელას ეროვნულ გვარდიაში.
2014 წელს ამერიკელმა სენატორმა მარკო რუბიომ კევედო იმ ვენესუელელ ოფიციალურ პირთა სიაში შეიყვანა, რომელთაც სანქციები უნდა დაეკისროთ პროტესტის მონაწილეთა უფლებების დარღვევის გამო. ასეთი სცენარის განვითარების შემთხვევაში, არ არის გამორიცხული, რომ აშშ-მ NOPEC აამოქმედოს. ეს უკანასკნელი ნიშნავს არანავთობის წარმოებისა და ექსპორტის კარტელის აქტს და წარმოადგენს კონკრესის ქარტიას, რომელიც გულისხმობს აშშ-ს მხრიდან ოპეკისადმი არასანდოობის აქტის ამოქმედებას და ემსახურება ნავთობის ფასებზე გავლენის მოხდენის თავიდან აცილებას.
გვანცა კაკაურიძე