საქართველოს მთავრობა რუსულ თაფლს 1 მლნ ლარად ყიდულობს

საქართველოს მთავრობამ 2019 წელს შესაძლოა, 1 024 800 ლარის ღირებულების 73 200 კგ რუსული თაფლი იყიდოს.

აქედან 25 ათას კგ-ს შსს, 14 600 კგ-ს სასაზღვრო პოლიცია, 3000 კგ-ს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტი, 600 კგ-ს საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური, 30 ათას კგ-ს კი სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფა შეიძენს.

აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის ვებ-გვერდზეა განთავსებული. კონსოლიდირებული ტენდერების სატენდერო კომისიის სხდომის ოქმის თანახმად, თაფლის შესყიდვის) ყველაზე დაბალი ფასის სატენდერო წინადადება წარადგინა შპს „ვ.ტ."-მ. კომისიამ კი სატენდერო წინადადება 2019 წლის 16 იანვარს განიხილა.

შედეგად დადგინდა, რომ კომპანიის მიერ წარდგენილი სატენდერო წინადადება დოკუმენტაციით დადგენილ მოთხოვნებს შეესაბამება. პრეტენდენტი კი ვალდებულია, რომ თაფლის ნიმუში და შესაბამისი დოკუმენტები მოთხოვნიდან არაუმეტეს 10 სამუშაო დღის ვადაში წარადგინოს.

შპს „ვ.ტ“-ს ასპროცენტიანი წილის მფლობელი იური ჯოგლიძე ტენდერში გამარჯვების შემთხვევაში, რუსული წარმოების შპს „ აპიდეის“ თაფლს საქართველოს მთავრობას კილოგრამს 14 ლარად მიჰყიდის.

ქრისტინე გამთენაძე