თრუსოს ხეობის განვითარება, სკოლების, სტადიონების, სპორტული კომპლექსების რეაბილიტაცია/მშენებლობა, - ეს იმ პროექტების ნაწილია, რომლის განხორციელებასაც რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო მიმიდინარე წელს გეგმავს.
ამასთან, „ბიზნესპრესნიუსისთვის“ მიწოდებული ინფორმაციის მიხედვით, მთავრობა ამჯერად უკვე საკუთარი სახსრებით გეგმავს ცხოველთა იმ თავშესაფრის მშენებლობას, რომელზეც ტენდერი 5-ჯერ ჩავარდა.
„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ ინფორმაციას იმ პროექტების ნაწილის შესახებ, რომლის განხორციელებსაც უწყება მიმდინარე წელს აანონსებს.
ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, 2019 წელს თბილისში ვეფხი და მოყმის ძეგლის მიმდებარედ, მარშალ გელოვანის გამზირისა და მუხრან მაჭავარიანის ქუჩის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა დაიწყება. პროექტის დონორი აზიის განვითარების ბანკია (ADB).
როგორც უწყებაში განმარტავენ, პროექტის განხორციელების შედეგად, შესაძლებელი იქნება ტრანსპორტის შეუფერხებელი მოძრაობა, ყველა მიმართულებით შუქნიშნების გარეშე და მოცემულ ტერიტორიაზე შემცირდება საცობები.
2019 წელს დაგეგმილია ყვარლის სტადიონის რეაბილიტაციაც. პროექტის დონორია ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) – „დაგეგმილია უეფას მესამე კატეგორიის დონის მოედნის მშენებლობა, სადაც შესაძლებელი იქნება, როგორც საქართველოს ეროვნული ჩემპიონატისა და დავით ყიფიანის თასის მატჩების ჩატარება, ასევე ევროლიგის და ჩემპიონთა ლიგის მატჩების ჩატარება. პროექტი ითვალისწინებს ბუნებრივ-საფარიანი მოედნის, სარბენი ბილიკების, 4500 ადამიანზე გათვლილი გადახურული ტრიბუნების მოწყობას“,-აღნიშნავენ ინფრასტრუქტურის სამინსიტროში.
უწყების ინფორმაციით, მიმდინარე წელსვე კახეთის რეგიონში კულტურულ ძეგლებთან მოეწყობა გადასახედები, რომელსაც საქართველოს მთავრობა დააფინანსებს.
2019 წელს ასევე იგეგმება თრუსოს ხეობის განვითარება. პროექტის დონორია მსოფლიო ბანკი (WB). აღნიშნული ითვალისწინებს ადმინისტრაციული და ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობას, მანიშნებლების და საფეხმავლო მარშრუტების განვითარებას. დამაკავშირებელი ბილიკების/გზების კეთილმოწყობას.
ამასთან, იგეგმება მდინარეების თერგისა და სუათისის შესართავთან მაღალ მთაზე ხეობის ერთ-ერთი ძველი დასახლების (ნასოფლარის) - ზაქათგორის რესტავრაცია/რეაბილიტაცია - „ამ ეტაპზე მიმდინარეობს ტექნიკური დავალების შემუშავება. საპროექტო და საკონსულტაციო სამუშაოების შესყიდვა და პროექტირების დასრულება იგეგმება 2019 წლის ივლისი - დეკემბრის პერიოდში. ფიზიკური სამუშაოები დაიწყება 2020 წლის გაზაფხულზე. მისი სავარაუდო ღირებულებაა 9 მლნ ლარი“, - აღნიშნავენ უწყებაში.
ასევე 2019 წელს იგეგმება ადიგენის მუნიციპალიტეტში სოფელ მოხესა და ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ზარზმაში სკოლების რეაბილიტაცია. პროექტების დონორია ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB). აღნიშნული ითვალისწინებს არსებული სკოლების სრულ რეაბილიტაციას, კერძოდ, საკლასო ოთახების, საპირფარეშოების, სპორტდარბაზის, სპორტული მოედნის და ეზოს ტერიტორიების კეთილმოწყობას. ასევე, იგეგმება გათბობის, წყალსადენის და კანალიზაციის სისტემების მოწყობა.
მიმდინარე წელს დაიწყება ქუთაისის ისტორიული უბნის (რიონის სანაპიროს მონაკვეთის) რეაბილიტაციაც. პროექტის დონორია ევროპის საინვესტიციო ბანკი. რეაბილიტაცია ითვალისწინებს რიონის სანაპიროზე განლაგებული, 19-ე საუკუნის საცხოვრებელი სახლებისა და საზოგადოებრივი დანიშნულების ნაგებობების რეაბილიტაციას. პროექტში, ასევე გათვალისწინებულია „წითელი ხიდიდან“ „ჯაჭვის ხიდამდე“ მდინარე რიონის მხარეს საფეხმავლო ბილიკის მოწყობა, რომელიც დაუკავშირდება საცხოვრებელ და საზოგადოებრივ ობიექტებს.
დოკუმენტის თანახმად, მიმდინარე წელსვე დაიწყება დავით კაკაბაძის სახელობის სახვითი ხელოვნების გალერეის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია. პროექტის დონორია ევროპის საინვესტიციო ბანკი.
2019 წელსვე დაგეგმილია ცხოველთა თავშესაფრის პროექტირების გამოცხადება. პროექტის დონორია საქართველოს მთავრობა. ცხოველთა თავშესაფარი განთავსდება შემოღობილ ტერიტორიაზე და აღიჭურვება: ადმინისტრაციული და კარანტინის შენობებით, ვეტერინარული კლინიკით, ლაბორატორიით, ვოლიერებითა და ყველა სხვა აუცილებელი ინფრასტრუქტურით.
თავშესაფრის ფუნქციებში შევა ცხოველის პატრონის დადგენის ან ახალი პატრონის მოძიების მიზნით, ქმედითი ღონისძიებების გატარება, ცხოველთა დაცვით ორგანიზაციებთან ერთად, ცხოველებზე ზრუნვისკენ მიმართული საინფორმაციო კამპანიების წარმოება.
ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაცით, ასევე მიმდინარე წელს დაიწყება რუსთავში მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსის მშენებლობა, რომელსაც ევროპის საინვესტიციო ბანკი დააფინანსებს. პროექტით გათვალისწინებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის შენობის ადაპტაციის ღონისძიებები, ასევე საერთაშორისო ფედერაციების სტანდარტები დარბაზში მაყურებელთა დასაჯდომი ტრიბუნებისთვის (მათ შორის ოფიციალური ტექნიკური პერსონალის განთავსების ადგილი), სპორტსმენთა, მწვრთნელთა და მსაჯთა გასახდელებისა და სველი წერტილებისთვის საჭირო სივრცეები, კვების ობიექტებისთვის საჭირო ნორმები, მაყურებელთა განტვირთვის სქემები და სხვა.
დოკუმენტის თანახმად, შენობა იქნება სიმეტრიული ფორმის ორსართულიანი ნაგებობა. აღნიშნული ვარიანტის მიხედვით, ცენტრალური ვესტიბიულის სივრცეში მოეწყობა კაფე, ხოლო ლაუნჯი მოეწყობა მე-2 სართულზე - კონფერენცდარბაზის ზევით.
2019 წელსვეა დაგეგმილი ხაშურში სტადიონის რეაბილიტაცია, რომლის დონორია მსოფლიო ბანკი. ტერიტორიაზე განთავსდება ხელოვნურსაფარიანი საფეხბურთო მოედანი სპორტული განათებით და სარწყავი სისტემით. პროექტი ითვალისწინებს ტრიბუნების და ღია ავტოსადგომის მოწყობას, სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე დამხმარე შენობა-ნაგებობების მშენებლობას და საინჟინრო კომუნიკაციების მოწყობას.
ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ „ბიზნესპრესნიუსისთვის“ მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, მიმდინარე წელსვე ქუთაისის საცურაო აუზის შენობაში განთავსდება დახურული საცურაო აუზი, ტრიბუნები და ა.შ. საცურაო კომპლექსი დაპროექტდება საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად. გარდა ამისა, ტერიტორიაზე მოეწყობა სპორტსმენების რეაბილიტაციისთვის საუნა და ტრენაჟორების დარბაზი.